ილონ მასკს კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, ჰიტლერთან შედარების გამო აკრიტიკებენ.

ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა ტვიტერზე მიმი გააზიარა, რომელზეც ნაცისტური რეჟიმის დიქტატორი, ადოლფ ჰიტლერი იყო გამოსახული. მიმს ერთვის წარწერა: "შეწყვიტეთ ჯასტინ ტრუდოსთან ჩემი შედარება. მე ბიუჯეტი მქონდა". მოგვიანებით, მასკმა ტვიტი წაშალა.

აუშვიც-ბირკენაუს მუზეუმის განცხადებით, მასკის მიერ ჰიტლერის ფოტოს გამოყენება "უპატივცემულობაა [ჰოლოკოსტის] მსხვერპლების ხსოვნისადმი და გულსატკენი — ბევრი ადამიანისათვის".

"ადოლფ ჰიტლერის გამოსახულების გამოყენება და, მაშასადამე, უპატივცემულობის გამოხატვა იმ ადამიანების ტრაგედიისადმი, რომლებიც [ჰიტლერის] წინამძღოლობით ნაცისტურმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა აწამა, დაამცირა და დახოცა, სამწუხარო და გულსატკენია", — პასუხობს მუზეუმი მასკს ტვიტერზე.

ამბავს გამოეხმაურა ამერიკელ ებრაელთა კომიტეტიც და აღნიშნა, რომ მილიარდერის ტვიტი მიუღებელია და მასკს ამისთვის ბოდიშიც აქვს მოსახდელი.

"მასკმა კიდევ ერთხელ სცადა თავისი უბადრუკი აზრის სოციალურ მედიაში გამოხატვა ჰიტლერის ხსენებით", — აცხადებს კომიტეტი, — "უნდა შეეშვას ამ მიუღებელ ქცევას.

"შეიძლება ჰგონია, რომ მიმის გამოქვეყნება, სადაც ჯასტინ ტრუდო მილიონობით ადამიანის მკვლელ და გენოციდის შემოქმედ დიქტატორსაა შედარებული, მისთვის მიუღებელი პოლიტიკის გაკრიტიკების შესაფერისი გზაა. თუმცა ასე არ არის. და არც არასდროს ყოფილა. მას ბოდიშის მოხდა და თავისი უკმაყოფილების გამოხატვისთვის სხვა საშუალებების მოძებნა მართებს".

თუმცა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, მასკმა ტვიტერზე კიდევ ერთი პოსტი დაწერა და თავის გამომწერებს "სიღრმისეული ახსნისთვის" ნაცისტური გერმანიის ეკონომიკურ ისტორიაზე წიგნის წაკითხვა ურჩია.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პირველი პოსტი იმ ცნობებს ეხმაურებოდა, რომლის მიხედვითაც კანადის ხელისფულებამ ბანკებს ანტივაქსერულ მოძრაობებში ჩართული პირებისთვის კრიპტოვალუტის გაცემა აუკრძალა.

კანადაში მოქმედი კოვიდპოლიტიკა მასკს აქამდეც გაუკრიტიკებია. წინა თვეში მან "სატვირთოების პროტესტის" ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "თუკი კანადის მთავრობა მშვიდობიან პროტესტს ახშობს, ეს ფაშიზმის გამოხატულებად იქცევა".