ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა. Reuters ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება და გამართავს მოლაპარაკებებს საკითხზე, რამაც შესაძლოა, განსაზღვროს რამდენ ხანს დარჩებიან რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებთან.

რუსეთი შეჭრის გეგმებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ჯარები მათ საშინაო პოზიციებს უბრუნდებიან, თუმცა Reuters თქმით, ლუკაშენკოს განცხადებები სხვა შესაძლებლობას ხატავს — შესაძლოა, ჯარები ადგილზე უფრო დიდხანს დარჩნენ.

"რა გადაწყვეტილებასაც ხვალ მივიღებთ, ასე იქნება [...] თუ გადავწყვეტთ, ძალებს 24 საათში გავიყვანთ. თუ გადავწყვეტთ ერთ თვეს, დარჩებიან ერთ თვეს. სამხედრო ძალები იმდენ ხანს დარჩებიან, რამდენიც საჭიროა", — განაცხადა ლუკაშენკომ ხუთშაბათს.

17 თებერვალს ოკუპანტებმა დონბასიდან ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი პროვოკაცია" უწოდა და ხაზი გაუსვა უკრაინაში დიპლომატების დარჩენის აუცილებლობას.

რუსეთის მტკიცების პარალელურად, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან რუსული ჯარები გაჰყავთ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რიცხვი 7 000-ით გაიზარდა. ზელენსკიც უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები გადიან. მისი თქმით, ამას რეალურად ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.