საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა 34 ათასი ადამიანით გაიზარდა და უმუშევრობის დონემ ბოლო 4 წლის მაქსიმალურ ნიშნულს, 20,6%-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში უმუშევრობის დონე ამაზე მაღალი ბოლოს 2017 წელს იყო.

უმუშევრობის დონე საქართველოში წლების მიხედვით (%)

ფოტო: On.ge / საქსტატი

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში სულ 316,2 ათასი უმუშევარი ადამიანი იყო, ხოლო დასაქმებული — 1,22 მილიონი. დასაქმებულებს შორის 829,4 ათასი დაქირავებული იყო, 387,1 ათასი — თვითდასაქმებული, ხოლო 0,9 ათასი გაურკვეველი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს სამუშაო ძალაში 1,53 მილიონი ადამიანი იყო ჩართული — აქ ის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა იგულისხმება, რომლებიც ეძებენ სამსახურს და მზად არიან მუშაობის დასაწყებად. უმუშევრობის დონე სწორედ უმუშევართა რაოდენობის სამუშაო ძალაზე გაყოფით გამოითვლება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს დასაქმების დონე 40,4% იყო — დასაქმების დონის ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2013 წელს ფიქსირდებოდა. ეს მონაცემი აჩვენებს, თუ როგორია დასაქმების დონე 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.

რაც შეეხება 2021 წლის კვარტალურ მონაცემებს, საქსტატის მიხედვით, გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 19%-მდეა შემცირებული. გასულ წელს უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პირველ კვარტალში ფიქსირდებოდა. საქსტატის კვლევის მიხედვით, გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში სულ 291,9 ათასი უმუშევარი იყო.

ასეთი იყო უმუშევრობის დონე საქართველოში გასული წლების კვარტლების მიხედვით

ფოტო: საქსტატი

თუ 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემს წინა წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ უმუშევრობის დონე 1,4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.