როცა მაცივარში ნატურალური არაქისის კარაქის ქილა გეგულებათ, ამ უნიკალური პროდუქტისგან შეგიძლიათ, მოამზადოთ არა მხოლოდ საუზმე და ტკბილეული, არამედ უგემრიელესი და პიკანტური გემოს მქონე სოუსებიც, რომლებსაც გამოიყენებთ სალათებისთვის, ხორცისთვის, თევზისთვის, ქათმისთვის, ბოსტნეულისთვის, ბრინჯისთვის...

დღეს გაგიზიარებთ არაქისის კარაქის მარტივი სოუსის რეცეპტებს. ამ სოუსებს ქართული ნატურალური არაქისის კარაქით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ. თანაც, ისინი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლოა, არამედ სტუმრების თვალში თქვენს კულინარიულ იმიჯსაც ერთიორად გაზრდის.

სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი სოუსის მომზადება გსურთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ საქართველოში დამზადებული ნატურალური არაქისის კარაქი და ისე განაგრძოთ სტატიის კითხვა...

ფოტო: Giphy

არაქისის კარაქის სოუსი სალათებისთვის №1

სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:

  • არაქისის კარაქი - 1 ს.კ.
  • ბალზამის ძმარი (ლიმონის წვენი) – 1 ჩ.კ.
  • სეზამის ზეთი - ½ ჩ.კ.

ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ, კარგად დააბლენდერეთ და ნებისმიერ სალათას მოასხით.

ეს სოუსი ასევე შეგიძლიათ ცნობილი "ელვისის სენდვიჩისთვის" გამოიყენოთ — გადაუსვით ცხელ ბაგეტზე, ზედ დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი ბანანი, შემწვარი ბეკონი და მიირთვით. ამბობენ, როკ-ენ-როლის მეფეს ძალიან უყვარდა ეს გემრიელობაო და ამიტომაც შერქმევია მისი სახელი.

ფოტო: Giphy

არაქისის კარაქის სოუსი სალათებისთვის №2

სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:

  • არაქისის კარაქი 120 გრ (დაახლოებით, 5 სუფრის კოვზი. იხ. ბლოგი არაქისის კარაქის კონვერტორი).
  • ნიორი — 2 კბილი
  • ლიმონის წვენი — 1 ლიმონი
  • სოიის სოუსი — 2 ს.კ.
  • ყავისფერი შაქარი — 1 ს. კ.
  • წიწაკა
  • ზეითუნის ზეთი — 2 ს.კ.
  • წყალი

არაქისის კარაქი, დაჭრილი ნიორი, ლიმონის წვენი, სოიის სოუსი, შაქარი, წიწაკა და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ. ამისთვის, უმჯობესია ბლენდერი გამოიყენოთ, თუმცა, დამუშავება ხელის სათქვეფითაც შეგიძლიათ. თუ მასა სქელი გამოგივათ, გასათხელებლად ცოტა წყალი დაუმატეთ, რათა თხელი არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ.

არაქისის სოუსი ბადრიჯნისთვის და ყაბაყისთვის

სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:

  • არაქისის კარაქი — 1 ს.კ.
  • არაჟანი (იოგურტი, თხელი ხაჭო) — 2 ს.კ.
  • ნიორი — 2 კბილი
  • ნიგოზი — 15 ლებანი
  • მწვანილი

ეს ინგრედიენტები ერთად დააბლენდერეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ კი, დაამატეთ შემწვარ და გაციებულ ბადრიჯანს ან ყაბაყს და კარგად აურიეთ. ისეთი გემრიელი იქნება, თითებს ჩაიკვნეტთ.

არაქისის სოუსი ხორცისთვის

ხორცის სოუსის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რასაც გამოცდილებაც სჭირდება და მოთმინებაც. ამ რეცეპტით მომზადებული სოუსი გრილზე შემწვარი ხორცისთვის გამოიყენება. მას ზომიერად ტკბილ-მწარე და, რაც მთავარია, ორიგინალური გემო აქვს.

სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:

  • არაქისის კარაქი — 2 ს.კ.
  • მაიონეზი — 2 ს.კ.
  • სოიის სოუსი — 2 ს.კ.
  • ნიორი — 2 კბილი
  • ყავისფერი შაქარი — 1 ს.კ.
  • ლიმონის წვენი — 1 ს.კ.
  • წითელი წიწაკა — მსხვილად დაფქული ½ ჩ.კ.
  • წყალი — 2 ს.კ.

დაჭრილი ნიორი, სოიის სოუსი, მაიონეზი, არაქისის კარაქი კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და შაქარი. ისევ კარგად ურიეთ. ბოლოს ჩააყარეთ წიწაკა. თუ სქელი მასა გამოგივათ, წყლით გააზავეთ.

აი ასე, მარტივად მზადდება უგემრიელესი სოუსი შემწვარი ხორცისთვის.

არაქისის კარაქის სოუსი ქათმის ბულიონისთვის

ქათმის ბულიონისთვის გამორჩეული გემოსა და არომატის მისაცემად ქათმის მოხარშვამდე 5 წუთით ადრე ქვაბში ჩაამატეთ 1 ჭიქა ბულიონში წინასწარ, ერთგვაროვან კონსისტენციამდე ათქვეფილი ½ ჭიქა არაქისის ნატურალური კარაქი.

სულ ეს არის.

არაქისის კარაქის მარინადი თევზისთვის

თევზის მარინადის მოსამზადებლად საჭიროა:

  • არაქისის კარაქი — 2 ს.კ.
  • სოიის სოუსი — 2 ს.კ.
  • სეზამის ზეთი — 1 ს.კ.
  • დაფქული ჩილი (წითელი წიწაკა) — გემოვნებით
  • წყალი

ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში საგულდაგულოდ აურიეთ, შემდეგ ეს მარინადი გასუფთავებულ და გარეცხილ თევზს გადაუსვით და შეწვამდე ½ საათით მაცივარში შედგით.

არაქისის კარაქის სოუსი აზიურად — ბრინჯისა და ბოსტნეულისთვის

სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:

  • ცხელი წყალი — 200 მლ
  • არაქისის კარაქი — 240 გრ (8 ს.კ.)
  • ძმარი 5%-იანი — 100 მლ
  • სოიის სოუსი — 4 ს.კ.
  • თაფლი — 2 ს.კ.
  • კაიენის წიწაკა (ან წითელი წიწაკა) — 1 ჩ.კ.

ეს ინგრედიენტები ბლენდერში აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დატკბით სასწაული გემოთი.

ტაილანდური სოუსი არაქისის კარაქით

პროფესიონალი მზარეულები მიიჩნევენ, რომ ტაილანდურად სოუსს უნივერსალური გემო აქვს: ის კარგად ეხამება, როგორც კრევეტებსა და თევზს, ასევე შემწვარ ღორის ხორცსა და ქათამს, საქონლის ხორცსა და მაკარონს. დიდი ხნის განმავლობაში, ამ რეცეპტით მომზადებული სოუსი ტაილანდური სამზარეულოს ეგზოტიკურ სანელებლად მიაჩნდათ, თუმცა, დღეს ქართველი დიასახლისების მენიუშიც ხშირად შეგხვდებათ.

სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:

  • არაქისის კარაქი — ½ ჭიქა
  • ქოქოსის ზეთი — ¼ ჭიქა
  • ტაილანდური წითელი კარის პასტა — 2 ს.კ.
  • ძმარი — 2 ს.კ.
  • შაქარი — 1 ს.კ.
  • დაფქული მიწის თხილი — 2 ს.კ.
  • მარილი გემოვნებით

ეს ინგრედიენტები, გარდა დაფქული მიწის თხილისა, მოათავსეთ ღრმა ქვაბში და კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ქვაბი შედგით ნელ ცეცხლზე. როცა თავზე ბუშტებს მოკიდებს, ცეცხლიდან გადმოდგით. გამზადებული სოუსი ჩაასხით ჯამში ან სოუსის სპეციალურ ჭურჭელში, თავზე მოაყარეთ დაფქული მიწის თხილი და მთავარ კერძთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.

მარტივი სოუსი არაქისის კარაქისგან

ამ რეცეპტით ძალიან სწრაფად მზადდება სოუსი, რომელიც იდეალურია ბოსტნეულის სალათებისთვის.

სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:

  • არაქისის კარაქი — ½ ჭიქა
  • სოიის სოუსი — 4 ს.კ.
  • ბრინჯის ძმარი — 1 ს.კ.
  • ნეკერჩხლის სიროფი — 1 ს.კ.
  • ნიორი — 1 კბილი
  • ცხელი წყალი — ½ ჭიქა

ეს ყველაფერი უცებ ჩაასხით ბლენდერში და ათქვიფეთ კრემის კონსისტენციამდე. თქვენი სოუსი მზად არის სუფრაზე მისატანად.

თუკი სოუსი საჭიროზე ბევრი გამოგივათ, თამამად შეგიძლიათ, რამდენიმე დღით მაცივარში შეინახოთ.

როგორც ხედავთ, არაქისის კარაქის გამოყენება მრავალფეროვანი სოუსების მოსამზადებლადაც შეგიძლიათ. ასე რომ, ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას. პირველი ქართული ნატურალური არაქისის კარაქი სნექი კი ჯანმრთელობას გისურვებთ.