თელმიკო ადასტურებს, რომ იანვარში მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგიის ზედმეტი გადასახადი დაერიცხა და ამის მიზეზებს განმარტავს.

განცხადებაში წერია, რომ კომპანია 2022 წლიდან ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადავიდა, რის გამოც მომხმარებლებს დეკემბრის მოხმარების ნაშთზე მეორე ქვითარი დაეგზავნათ. გარდა ამისა, კომპანიის განმარტებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ცვლილებები შევიდა დედაქალაქში სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში.

ასევე, კომპანიის განმარტებით, ზედმეტობით თანხების დარიცხვა საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, იმ მომხმარებლებისთვის დეპოზიტების აქტუალიზაციითაა გამოწვეული, რომლებიც ადრე გადახდის ვადებს რეგულარულად არღვევდნენ. თელმიკოს ინფორმაციითვე, დარციხვების ზრდა იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვამაც გამოიწვია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სემეკსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო კომისიას შემოწმებაში ეხმარებიან და ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდიან. მათივე თქმით, კომპანია თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს, თელასთან ერთად კი ელექტროენერგიის მომხარების მოცულობას რეგულარულად ამოწმებს და აანალიზებს.

"სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადახდის გადავადების შესაძლებლობა ეძლევათ და მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც ხდება. გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს", — ნათქვამია განცხადებაში.

პირველ დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მრიცხველების აღრიცხვის სისტემების ადგილზე შესასწავლად თელასსა და თელმიკოში შევიდა. მათი, განცხადებით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.

14 თებერვალს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თელმიკოს მიერ დარიცხული თანხების სისწორეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეისწავლის.

იანვრის დასაწყისში მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათ არა მხოლოდ დენის გადასახადის ორი ქვითარი მიუვიდათ, არამედ გადასახადიც გაეზარდათ. 4 ნოემბერს საპასუხოდ, თელმიკოში განაცხადეს, რომ საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს გამზადებული ქვითრები არ გაგზავნილა, შესაბამისად, აღნიშნული ქვითრები მომხმარებლებს 3 და 4 იანვარს გაუგზავნეს და ისინი დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯს ასახავდა.