უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერისა და ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას", — წერს ზელენსკი.

დღეს ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის ერთიანობის დღე საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამერიკის მსგავსად სხვა ქვეყნებიც მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.

დღეს, 16 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა და ერს ერთიანობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის შეუძლია უყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მის მოქალაქეებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.