საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტა შესაძლოა, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ პარლამენტი მთავარი პოლიტიკური დებატებისა და წინსვლისთვის გამოიყენონ.

"გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად", — ამბობს ის.

გუშინ, 15 თებერვალს პარლამენტმა ლელოს ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილსა და დროას ლიდერ ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას არ ეთანხმება.