თურქეთი თავისი ქვეყნის ოფიციალურ საერთაშორისო სახელწოდებას ცვლის. ინგლისურ ენაზე რესპუბლიკა აქამდე Turkey-დ იხსენიებოდა, თუმცა, ერდოღანის მთავრობას სურს, ოფიციალურ დოკუმენტებსა და სხვა მასალებში სახელმწიფო Türkiye-დ (ქვეყნის სახელწოდება თურქულ ენაზე) აღიარონ; ამასთან, ამავე დასახელებით გავა ექსპორტზე თურქეთში წარმოებული პროდუქცია.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო სახელის შეცვლას აპირებდნენ. მისი თქმით, გადაწყვეტილების მოტივი ქვეყნის დასახელებაში ერის კულტურული მემკვიდრეობის ასახვა იყო.

"Türkiye საუკეთესოდ წარმოაჩენს თურქეთის კულტურას, ცივილიზაციასა და ღირებულებებს", — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რესპუბლიკის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, ფაჰრეტინ ალტუნი, დასძენს, რომ გადაწყვეტილება "მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქული ბრენდის გასაძლიერებლად".

ფოტო: Shutterstock

თუმცა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სახელის შეცვლის მოტივი უმთავრესად ისაა, რომ ინდაურის ინგლისურ შესატყვისსა (turkey) და ქვეყნის დასახელებას შორის მსგავსება აღმოიფხვრას.

"ფრინველთან ასოციაცია ერდოღანსა და მის გარშემომყოფებს ნამდვილად აღიზიანებთ", — აცხადებს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი, სელიმ ქორუ.

ქორუ ამატებს, რომ შეცვლილი სახელი "[ხელისუფლების] წარმოდგენით ახალ, თვითრწმენით სავსე და ძლიერ თურქეთს" წარმოაჩენს.

BBC-ის ცნობების მიხედვით, თურქეთი ქვეყნის ოფიციალური დასახელების შეცვლას გაეროში უახლოეს კვირებში მოითხოვს.