საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საელჩოში უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.

"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი, ამიტომაც ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე", — განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ რუსული აგრესია 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა, რასაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა მოჰყვა. ზალკალიანის განცხადებით, ახლა იმავე განსაცდელში იმყოფება უკრაინაც.

საგარეო საქმეთა მინისტრის ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში, მაშინ, როდესაც მსოფლიო ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტისკენაა მიმართული, რუსეთი კიდევ ერთხელ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

"ეს ყოველივე არის საფრთხე, არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ ეს არის საერთო ევროპული გამოწვევა. არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს, თვითონვე აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები. არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი სწრაფვა, ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულყოფილი და სრულფასოვანი წევრი", — აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამერიკის მსგავსად სხვა ქვეყნებიც მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.

დღეს, 16 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა და ერს ერთიანობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის შეუძლია უყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მის მოქალაქეებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.