უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა და ერს ერთიანობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის შეუძლია უყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მის მოქალაქეებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.

"დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა — ჩვენი ყველას ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, განსხვავებული ასაკის, განსხვავებული სქესის, განსხვავებული ქალაქებიდან, რეგიონებიდან, განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის.

ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მსოფლიოში ბედნიერად ერთ ოჯახად, შვილებთან და მშობლებთან ერთად. და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, უკრაინაში ვართ. არავის შეუძლია უყვარდეს ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ და არავის სხვას, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი.

გილოცავთ ერთიანობის დღეს, ლურჯ-ყვითელს, გილოცავთ ერთიანობის დღეს, უკრაინა! აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთად ჟღერს, მაგრამ ძლიერად", — აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამერიკის მსგავსად სხვა ქვეყნებიც მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.