ფინიქსის ეპისკოპოს თომას ოლმსტედის განცხადებით, ერთ-ერთ პასტორს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ეკლესიის გამოძიებამ დაადგინა, რომ ის 20 წლის განმავლობაში ნათლობისას ერთ სიტყვას არასწორად ამბობდა.

პასტორი ანდრეს არანგო, რომელმაც ათასობით ადამიანი მონათლა, რიტუალის დროს ასე ამბობდა: "ჩვენ გნათლავთ სახელით მამისა და ძისა და სულიწმიდისა". ოლმსტედის განმარტებით, კი სიტყვები "ჩვენ გნათლავთ" არასწორია და ამის ნაცვლად პასტორს "მე გნათლავ" უნდა ეთქვა.

"სიტყვას "ჩვენ" ის პრობლემა აქვს, რომ საზოგადოება არ ნათლავს ადამიანს, არამედ მას მხოლოდ იესო ნათლავს", — ამბობს ეპისკოპოსი ოლმსტედი. ეპარქიის განმარტების თანახმად, ამ შეცდომის გამო პასტორის მიერ ჩატარებული ნათლობები ბათილად ითვლება და ეს ადამიანები თავიდან უნდა მოინათლონ.

"ძალიან ვწუხვარ, რადგან გავიგე, რომ ამდენი წლის განმავლობაში ნათლობას არასწორად ვასრულებდი. ვწუხვარ ჩემი შეცდომისა და იმ შედეგის გამო, თუ როგორ იმოქმედა ამან ეკლესიასა და მრავალ ადამიანზე", — განაცხადა პასტორმა არანგომ, რომელსაც პირველ თებერვალს ეკლესია დაატოვებინეს.