ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარტია ლელომ ის რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

"იწყება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. დიახ, ეს არის პრინციპული ბრძოლა, ამიტომ ჩევნი პარტიის გადაწყვეტილებით ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში. იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, ძალა არის ხალხის ხელში, იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, მანდატზე კი არ არის საუბარი, რომ ცვლილება შეგვიძლია. მინდა მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა", — აღნიშნა ხაზარაძემ.

ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, 38 წინააღმდეგი იყო.

მისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზად მმართველი გუნდი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი.

პარლამენტმა მანდატი კიდევ ორ დეპუტატს — დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილსაც შეუწყვიტა.

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. 2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.