ონლაინ მიმოწერის აპლიკაცია Snapchat ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ფუნქციის ბეტა ვერსიას ტესტავს, რომელიც მომხმარებლების ნაწილს საშუალებას აძლევს, სთორებში რეკლამების განთავსების გზით თანხა გამოიმუშაონ.

როგორც ცნობილია, ეს სიახლე უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მომდევნო თვეებში გახდება. ამ ეტაპზე მისით მხოლოდ Snap ვარსკვლავები, ანუ კონტენტის შემქმნელები ან საჯარო პირები ისარგებლებენ, რომელთაც ბევრი გამომწერი ჰყავთ და აპლიკაციაში ოქროს ვარსკვლავი აქვთ მინიჭებული.

ფოტო: Snap

ამისთვის საკმარისია, რომ მათ სთორებში რეკლამები ჩააინტეგრირონ, რის შემდეგაც კომპანიისგან შემოსავლის გარკვეულ პროცენტს მიიღებენ. თანხა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ფორმულაზე, რომელიც პოსტების სიხშირესა და სხვა მომხმარებლების გამოხმაურებათა რაოდენობას ითვალისწინებს.

უკანასკნელ წლებში Snapchat-მა აპლიკაციის მეშვეობით მოგების მიღების სხვადასხვა მეთოდი დანერგა, თუმცა ამგვარი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. ეს გარკვეულწილად სთორების პოპულარიზაციასაც ემსახურება, რადგან ბოლო დროს მეტი ყურადღება TikTok-ის მსგავს შიგთავსს ეთმობა, რომელიც Spotlight-შია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ პლატფორმაზეც ცდილობს, ადამიანები ფულადი პრიზებითა და გამოწვევებით წაახალისოს, რათა მათ ვიდეოები უფრო აქტიურად ატვირთონ. მაგალითად, მხოლოდ 2021 წელს ამ მიზნით 250 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.