ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯია დიპლომატიურ კორპუსსა და ოპოზიციას აკრიტიკებს. დეპუტატის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის ნაწილს ჰგონია, რომ საქართველო მათზე მეტად უყვარს, ხოლო ოპოზიცია ყველგან მმართველ პარტიას "აგინებს".

"ყველა ქვეყანა იცავს თავის ინტერესებს, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი, თუ სადმე ხელი მიუწვდება, ეს იქნება შიგნით და გარეთ, აგინებს მმართველ პარტიას და ყველაფერს, რაც ხელისუფლებიდან მოდის, ეს კი ქვეყნის გინებაა. ხოლო ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე აქ საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის ნაწილს, მიაჩნია, რომ მათ ჩვენზე მეტად უყვართ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხვდებით რა არის კარგი, რა არის ცუდი, ვინ დავნიშნოთ, ვინ არა. ერთ შემთხვევაში ითხოვენ კონსტიტუციის შეჩერებას, მეორე შემთხვევაში, იშველიებენ კონსტიტუაციას", — განაცხადა მან.

ინჯია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ამბობს, რომ ახლა ის სამხედრო პოლიგონადაა გადაქცეული, ქვეყანას კი ინფრასტრუქტურის აღსადგენად "ვალებში ჩავარდა" მოუწევს. დეპუტატის აზრით, ეს "გარკვეული წრეების" ინტერესებში შედის და გეგმის ნაწილია. მისივე თქმით, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა, ახლა კიევში აღარ არიან და ის ყველამ გაწირა, თუმცა აქვე დასძენს, რომ მათში საქართველოს არ გულისხმობს.

"სამწუხაროა ის, რომ ეს ჩვენი ისტორია, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ვერ გაიზიარა და ჩვენზე უარეს დღეში არიან. უკრაინა ყველამ გაწირა, ვინც გუშინ, მის დასაცავად საუბრობდა, ის დღეს კიევში არ არის, აქ მე საქართველო არ მაქვს მხედველობაში. მანამდე კი ყველაფერი გააკეთა, რომ შეერაღებინა მთელი უკრაინა. იქამდე მივიდა საქმე, რომ უკრაინაში ასანთის ანთება გახდა საშიში", — თქვა მან.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ვერცერთი შუამავალი საქართველოს ინტერესებს ისე ვერ დაიცავს, როგორც საქართველოს ხელისუფლება. მისივე მტკიცებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

"მსოფლიოში ბოლო პერიოდში ელვის სისწრაფით იცვლება ყველაფერი, მიმდინარეობს ახალი წეს-წყობილების ჩამოყალიბება. აი, რა განაცხადა მაკრონმა და შოლცმა, სხვაზე არც ვისაუბრებ — ნატოს სტრატეგია რეგულარულად უნდა გადაიხედოს, რას ნიშნავს ეს, რატომ არ იყო ამაზე საუბარი გასულ ოქტომბერსა და ნოემბერში, ვის ხარჯზე იქნება ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინისა და მისი მეგობარი ქვეყნების ხარჯზე", — განაცხადა მან.

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

გაიგე მეტი: