დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჰოსპიტლებში მწილიარე პაციენტების დაახლოებით 95% აცრილი არ არის.

"დღეს მწოლიარე 6000 პაციენტიდან დაახლოებით 95% გახლავთ აუცრელი, მათ შორის, რეანიმაციებში მყოფი პაციენტებიდან მაღალი პროცენტი, ასევე, გახლავთ აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთრებით ბუსტერი, დღეს ომიკრონთან მიმართებაში იცავს ადამიანს ყველაზე უფრო მთავარისგან, ეს გახლავთ გართულება, ანუ, ჰოსპიტალიზება, რომელიც იწვევს ჰოსპიტალიზაციას, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, მოხვედრა რეანიმაციაში და ფატალური გამოსავლისგან", — აცხადებს ის.

მისივე თქმით, ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი მაღალი არ არის. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ომიკრონთან საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი — პირბადის ტარება და ვაქცინაცია რჩება.

NCDC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 43%-ია ვაქცინირებული. ბუსტერ დოზა ჩატარებული აქვს 198 305 პირს.

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 18 409, ხოლო გარდაიცვალა 51 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღეის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33,7%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 32,01% ხოლო 7 დღის მანძილზე — 32,19%.