დემოკრატიის ინდექსი — საქართველოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტას დაუჭერს მხარს, ეს წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან.

"იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან და ეს უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული. პარლამენტი ვალდებულია მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილბები.

პირველ რიგში, საქმე გვაქვს განაჩენთან, რომლის შედეგადაც ბადრი ჯაფარიძე არ ითვლება ნასამართლევად, ის მსჯავრდებული იყო ხანდაზმულ დანაშაულზე და როგორც კანონი, ასევე, თავად განაჩენი მიუთითებს, რომ ნასამართლევად ადამიანი არ ითვლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ის გათავისუფლებულია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, მათ შორის, არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა თანამდებობაზე ყოფნის უფლების შეწყვეტის სახით", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, პარლამენტი ვალდებგულია გაითვალისწინოს ჯაფარიძის ამომრჩევლი ინტერესები.

"ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის წევრად არჩეული იქნა იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ ყველა ეს სისხლის სამართალწარმოება მიმდინარეობდა.

ამომრჩევლისთვის იყო ცნობილი, რომ ის შესაძლოა ცნობილი ყოფილიყო დამნაშავედ ამა თუ იმ დანაშაულში, მიუხედავად ამისა მან მიიღო ეს მხარდაჭერა და დღეს ეს მოცემულობა არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ პარლამენტის მხრიდან ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ითვალისწინებენ ბადრი ჯაფარიძის ამომრჩევლის ინტერესებს", — აცხადებენ ისინი.

7 თებერვალს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

მანდატების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას დღეს, 15 თებერვალს პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.