ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, მიიჩნევენ, რომ ქიბარ ხალვაშის უკანასკნელი განცხადების უკან ხელისუფლება დგას:

"ჩვენს არც ერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა ათქმევინონ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, ან მასში გარკვეული კორექტივები შეატანინონ".

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას არ სურს ხალვაშმა მისი დადებული პირობა აასრულოს, რადგან, მათი თქმით, ქართული ოცნებისთვის დამოუკიდებელი და კრიტიკული რუსთავი 2 მიუღებელია.

"ქიბარ ხალვაშის განცხადებაში აშკარად იკვეთება ხელისუფლების ხელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავიდანვე არ მოსწონდა ჩვენ შორის არსებული შეთანხმება, ვინაიდან მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კრიტიკული რუსთავი 2" - წერია აქიმიძისა და დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მათ შორის დადებულ შეთანხმებას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

"აქიმიძე და დვალი კაჩაობას თუ დამიწყებენ, ასე ტელევიზია ტელევიზია სირბილით, შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს. არსებობს ნერვების საზღვარი. რაც ვთქვი, ჯერ ძალაშია, რომ ტელევიზიის დაბრუნების შემთხვევაში, წილს გადავცემდი, რაზეც მოვილაპარაკეთ. არსებობს ნერვების საზღვარი" - განაცხადა დღეს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში.

ქიბარ ხალვაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა, ამბობდა, რომ არხს მის პირვანდელ მფლობელებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს, გადასცემდა.

დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებას მედიაში მათ ბოლოდროინდელ გააქტიურებასაც უკავშირებენ.