ადამიანები მიჩვეულები ვართ, რომ დედამიწაზე ყველაფერი სწრაფად, თითოეული ჩვენგანის თვალწინ იცვლება. წვიმიან ამინდს მზიანი დღე ანაცვლებს, ხოლო ზაფხულს — ზამთარი. ეს ვრცელდება ისეთ მასშტაბურ შემთხვევებზეც, როგორიცაა გლობალური დათბობა, ცხოველთა სახეობების გადაშენება, გაუტყეურება და ა.შ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ჩვენი დინამიკური მიკროსამყაროდან მაღლა ავიხედავთ და ღამის ცას დავაკვირდებით, ცალკეული მნათობები, თანავარსკვლავედები, გალაქტიკები, ნისლეულები და მზის სისტემის პლანეტები ისევ იქ დაგვხვდება, სადაც 5 ან 10 წლის წინ იყო (რა თქმა უნდა, ორბიტული მოძრაობისას მათი მდებარეობაც იცვლება, თუმცა ამას ციკლური სახე აქვს). ეს, გარკვეულწილად, მუდმივობის შეგრძნებას ბადებს. მართლაც, კოსმოსში დრო თითქოს ნელა გადის, უფრო სწორად, იქ მიმდინარე პროცესების უმეტესობა იმაზე ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ადამიანთა სიცოცხლე. შესაბამისად, არსებობს ასტრონომიული მოვლენები, რომელთა ხილვის შესაძლებლობა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ მოგვეცემა, რადგან ისინი ძალიან, ძალიან, შორეულ მომავალში მოხდება,
ამ სტატიაში სწორედ 5 ასეთ კოსმოსურ მოვლენაზე გესაუბრებით.

მზის სიკვდილი

ფოტო: NASA

მზე, ჩვენი სისტემის ცენტრში განლაგებული პლაზმის უზარმაზარი სფერო (თუმცა, არა იდეალურად მრგვალი), მილიონობით წელია, დედამიწასა და აქ მობინადრე ცხოველებს/მცენარეებს ათბობს. შეიძლება ითქვას, რომ მისგან იდეალურ დისტანციაზე ვიმყოფებით — არც ძალიან შორს და არც ზედმეტად ახლოს, მაგრამ ეს ჰარმონია უსასრულოდ არ გაგრძელდება.

მზე “მოკვდავია”. ის 4.6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მთავარი მიმდევრობის მნათობია, რომლის ცენტრში მიმდინარე წყალბადის თერმობირთვული რეაქციაც დიდძალ ენერგიას გამოყოფს და ობიექტს კოლაფსისგან იცავს. თუმცა, ამ ქიმიური ელემენტის ამოწურვის შემდეგ, დაახლოებით 5 მილიარდ წელში, ის განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და წითელ ჯუჯად გადაიქცევა.

მისი ბირთვი შეიკუმშება, გარეთა ფენა კი გაფართოვდება, რაც 1 მილიარდ წელს გასტანს. შედეგად, პლაზმაში მოექცევა, როგორც მერკური, ასევე, ვენერა, განადგურდება დედამიწის მაგნიტური ველი და ატმოსფეროც. მზე ჰელიუმის ჟანგბადთან და ნახშირბადთან შერევას დაიწყებს მანამ, სანამ მისი ბირთვი კოლაფსირდება, რაც პლანეტური ნისლეულის ფორმირებას განაპირობებს. ეს უკანასკნელი მხოლოდ 10 000 წელი იქნება ხილული. საბოლოოდ, ვარსკვლავი სიმკვრივით გამორჩეული, მცირე ზომის თეთრი ჯუჯის სახით შენარჩუნდება, რომელიც მომდევნო ტრილიონობით წლის განმავლობაში გაცივდება და სიკაშკაშეს დაკარგავს.

ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკების შერწყმა

ფოტო: NASA

თუ ღამის ცას ისეთი ადგილიდან ახედავთ, რომელიც ხელოვნური სინათლისგან შედარებით თავისუფალია, ღია შეფერილობის, ვარსკვლავებით დახუნძლულ რეგიონს შეამჩნევთ. ეს ჩვენი გალაქტიკაა, ირმის ნახტომი, კერძოდ კი მისი ის ნაწილი, რომელიც დედამიწიდან ჩანს (რადგან შიგნით ვიმყოფებით, მთლიან დისკოს ვერ ვხედავთ).

მის მიღმა მატერიის ამგვარი უზარმაზარი სისტემები მილიონობით და მილიარდობით გვხვდება. ერთ-ერთია ანდრომედას გალაქტიკა, იგივე M31, რომელიც, სამყაროს გაფართოების მიუხედავად, კი არ გვშორდება, არამედ გვიახლოვდება. მიზეზი ჩვენ შორის არსებული გრავიტაციული კავშირია, რომელიც მას ირმის ნახტომისკენ იზიდავს.

M31 ამჟამად 2.5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, თუმცა შემხვედრი მიმართულებით 402 000 კმ/სთ სიჩქარით მოიწევს. დაახლოებით 4 მილიარდ წელში, ის აქამდე მოაღწევს, რის შედეგადაც ორივე სტრუქტურა დაირღვევა და მათი შერწყმის პროცესი დაიწყება. საბოლოო გაერთიანებასა და გიგანტურ ელიფსურ გალაქტიკად გადაქცევას დამატებით 2 მილიარდი წელი დასჭირდება. რაც მთავარია, ირმის ნახტომსა და ანდრომედაში არსებულ მნათობებს საფრთხე არ ემუქრება — შეჯახების რისკს კოლოსალური ვარსკვლავთაშორისი დისტანცია ამცირებს. ამ დროს დედამიწაზე ყველა ოკეანე უკვე დიდი ხნის დამშრალი იქნება და ის ექსტრემალური პირობებით ვენერას დაემსგავსება.

ვარსკვლავ ბეტელგეიზეს აფეთქება

ფოტო: European Southern Observatory

ბეტელგეიზე — ღამის ცის რიგით მეათე ყველაზე კაშკაშა მნათობი, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს. შეუძლებელია, წითლად მოელვარე ამ ზეგიგანტმა თქვენი ყურადღება არ მიიქციოს, თუმცა სრული დიდებულებით ის ჩვენ წინაშე 100 000 წელში წარდგება, როცა სიცოცხლეს აფეთქებით დაასრულებს. ეს იქნება შთამბეჭდავი სანახაობა, ზეახალი ვარსკვლავის გასაოცარი ანთება და მისი უკანასკნელი “ამოსუნთქვა”, რომელიც იმხნად ცოცხალ ადამიანებს შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებათ.

ბოლო კვლევის მიხედვით, ბეტელგეიზეს მასა მზისას 16-ჯერ აღემატება, რადიუსი კი 764-ჯერ. ის იმდენად დიდია, რომ ჩვენი სისტემის ცენტრში არსებობის შემთხვევაში, ყველა შიდა პლანეტის ორბიტას გადაფარავდა (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი). მაგრამ, რეალურად, ეს ობიექტი უსაფრთხო დისტანციაზეა — 548 სინათლის წლის მოშორებით და აღსასრულს უახლოვდება. როცა მის ბირთვში გრავიტაცია გარეთ განმზიდველ ენერგიას გადააჭარბებს (ის ვარსკვლავს კოლაფსისგან იცავს), ზეახალი წარმოიქმნება, მასშტაბური აფეთქება, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედამიწიდან დღისითაც კი ხილული იქნება. წარმოიდგინეთ, დაახლოებით ნახევარმთვარის ეკვივალენტური სინათლის წყარო, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ. მნიშვნელოვანია, რომ მისი რადიაცია აქაურობას ზიანს ვერ მიაყენებს, რადგან საშიში გამოსხივებისგან, არც მეტი, არც ნაკლები, მანძილი დაგვიცავს.

სატურნის რგოლების გაქრობა

ფოტო: Business Insider

სატურნი ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი პლანეტაა, რომლის სახელის გაგონებაზეც ყველას მისი უზარმაზარი რგოლები გვახსენდება. მათ გარეშე ეს ციური სხეული უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა 300 მილიონ წელში ის თავის გარშემო მოძრავი ყინულოვანი ფრაგმენტების მრავალ წყებას სრულად დაკარგავს.

სატურნის ორბიტაზე 7 მთავარი რგოლია, რომელიც მცირე ზომის ნაწილაკებისგან, შედარებით დიდი ნატეხებისგან და მტვრისგან შედგება. მათ ფორმირებას უმეტესწილად პლანეტის ადრეული თანამგზავრების შეჯახებას უკავშირებენ, რის შედეგადაც მის ირგვლივ ფრაგმენტების ფენები გაჩნდა. მკვლევართა ვარაუდით, ეს 100 მილიონ წელზე გვიან არ უნდა მომხდარიყო. ზემოხსენებულ სისტემას სიცოცხლის პირველი ნახევარი უკვე გავლილი აქვს.

NASA-ს პროგრამა ვოიაჟერის ფარგლებში ზონდების მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, აირის ამ გიგანტის რგოლები დროებითი ფენომენია, რადგან მათი შემადგენელი ნაწილაკები, მძლავრი მიზიდულობის ძალის გავლენით, ატმოსფეროში ჩაედინება, თანაც საკმაოდ სწრაფი ტემპით. ეს იმას ნიშნავს, რომ სატურნის მიმდებარედ განლაგებული წარმონაქმნების გაქრობის პროცესი უკვე დაწყებულია.

მარსისა და ფობოსის შეჯახება (რგოლის ფორმირება)

ფოტო: Ron Miller for Astronomy

ფობოსი მარსის 2 თანამგზავრიდან ერთ-ერთია, რომელიც, დეიმოსთან ერთად, წითელი პლანეტის გარშემო, მის ზედაპირთან უპრეცედენტოდ ახლო მანძილზე მოძრაობს. ის ციური სხეულისგან 6 000 კილომეტრის მოშორებით მდებარე ორბიტაზე გადაადგილებას თითქმის 8 საათს ანდომებს და ერთი მხარე ყოველთვის მისკენ აქვს მოქცეული (როგორც მთვარეს — დედამიწისკენ).

დროთა განმავლობაში ფობოსი ჩვენს მეზობელ ობიექტს უფრო და უფრო უახლოვდება, კერძოდ, საუკუნეში 1.8 მეტრით. ეს პროცესი მის გარდაუვალ დასასრულს მოასწავებს. სპეციალისტთა გამოთვლებით, კატასტროფა 50 მილიონ წელში მოხდება. ისინი ორგვარ სცენარს განიხილავენ. პირველის მიხედვით, ფობოსი მარსს შეეჯახება, რის შედეგადაც მის ზედაპირზე 200-კილომეტრიანი კრატერი გაჩნდება. მეორე სცენარის თანახმად კი თანამგზავრი გრავიტაციული ძალების გავლენით დანაწევრდება და პლანეტის გარშემო რგოლის წარმოქმნას განაპირობებს.

მართალია, ამ ყველაფრის მომსწრენი ჩვენ ვერ გავხდებით, მაგრამ გული არ დაიწყვიტოთ, რადგან კოსმოსი შთამბეჭდავ სანახაობებს ისედაც არ გვაკლებს. მათ შორის, ამ წელსაც არაერთ ასტრონომიულ მოვლენას ვიხილავთ, რომლის შესახებაც ინფორმაციას შეგიძლიათ ამ სტატიაში გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.