აფრიკის მცხოვრებლები მშენებლობების დაკანონების მოთხოვნით, სამგორის გამგეობის პიკეტირებას აპირებენ. ისინი გამგეობის შენობაში არიან შესულები. მათი განცხადებით, არცერთი ადამიანი, მითუმეტეს, სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ არ უნდა დარჩეს.

"დღეს ჩვენ ვიწყებთ აქ სოციალურ აფეთქებას, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ასაფეთქებელი, ეს არის ის მუხტი, რომელიც უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ არც ერთი ოჯახი და ადამიანი არ დარჩეს ამ ქვეყანაში, სოციალურად დაუცველი ადამიანი, მითუმეტეს, უსახლკაროდ. ყველას უნდა დაუმტკიცონ ის მიწები, რომელიც მათ აქვთ დასაკუთრებული და გარდა ამისა, ვინც არიან უსახლკაროები, უნდა მოხდეს აღრიცხვა ამ ადამიანების და უნდა მათ, ასევე, დაურიგდეს იგივენაირად მიწები, როგორც აქვთ ამ ადამიანებს მისაკუთრებული", — აცხადებენ ისინი.

შეკრებილები თბილისის მერთან, კახა კალაძესთანაც ითხოვენ შეხვედრას და ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ქალაქში არსებული ყველა გამგეობის შენობის პიკეტირებას მოახდენენ.

"ეს ადამიანები, აბსოლუტურად ლეგიტიმურად ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, სახელმწიფოსგან, რომ მისცე სახელმწიფომ სათანადო, ღირსეული საცხოვრისი და აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვიწყებთ ამ გამგეობის პიკეტირებას. ხვალ იქნება თუ ზეგ, რამდენი ხანიც დასჭირდება ბატონ კახის, რომ თავის პორშეზე დაჯდეს და მოვიდეს ჩვენთან და დაგველაპარაკოს, მანამდე აქ ვიქნებით და თუ არ დააკმაყოფილებს, დარწმუნებული იყავით, ხვალ ყველა გამგეობა პიკეტირებული იქნება ამ ქალაქში", — ამბობენ ისინი.

სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის განცხადებით, მზად არიან, რომ მოქალაქეები ქირით გაიყვანონ. საპასუხოდ, მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს პრობლემის მხოლოდ დროებითად მოგვარებაა.

გუშინ, 11 თებერვალს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მათი თქმით, მშენებლობის მწარმოებლებს გააფრთხილეს, რომ ნაგებობები დაანგრიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონტაჟს თავად განახორციელებენ.

28 იანვარს მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ამაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასახლებაში მერიის მიერ დანგრეული სახლების მფლობელებს თბილისში ბინები, ხოლო რეგიონებში მიწის ნაკვეთები აქვთ. მისი თქმით, სახელმწიფო ტერიტორიების უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის ექნება რეაგირება.

აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს სახლები 2020 წლის 15 დეკემბერს დაუნგრიეს. რასაც მოსახლეობის პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა. ადგილზე რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.

დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, კალაძე აცხადებდა, რომ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება მიუღებელია. ასევე, ამბობდა, რომ მოსახლეობას სახლები და მიწები აქვთ და ისინი მიწების მიტაცებას მიზანმიმართულად ცდილობენ. პასუხად ადგილობრივებმა თქვეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.