მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაში პარლამენტში დაიბარა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ლილუაშვილის მოწვევას არ აპირებს. განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ავრცელებენ.

"თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოწვევას არ აპირებს. პირველყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა ნაციონალური მოძრაობის გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე", — ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას.

"სამსახურს სათავეში უდგას პატრიოტი, მაღალი კვალიფიკაციის ღირსეული პროფესიონალი, რომლის ხელმძღვანელობითაც უწყება ეფექტიანად საქმიანობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შიდა თუ გარე საფრთხეების პრევენციის და ნეიტრალიზაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს არ არის თავსებადი მავნებლების დღის წესრიგთან, რაც იწვევს მათ არაადეკვატურ ნაბიჯებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია გრიგოლ ლილუაშვილს ფარული მოსმენებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში იბარებს.

ლილუაშვილმა ფორმულას, მთავარი არხისა და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. ტელევიზიის სიუჟეტებში საუბარია სუს-ის უფროსის შესაძლო კავშირებზე ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ ჯგუფთან. მისი ადვოკატის, მამუკა ღვინიაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება.

დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. მისი თქმით, ქოლ-ცენტრების სქემაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული და ახლა "შურისძიების მიზნით" ცდილობენ მთავრობის წევრებზე გადაბრალებას.