ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, გიგა ფარულავა აირჩიეს. ქართულ ოცნებას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ზუგდიდის საკრებულოში სულ 45 წევრია. აქედან, 22 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას, 20 ქართულ ოცნებას, ხოლო 3 გახარიას პარტიას აქვს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ თავმჯდომარის არჩევამდე განაცხადა, რომ ქართული ოცნებას ზუგდიდის საკრებულოში ძალაუფლების დაკარგვის შიში აქვს და სხდომის ჩაშლას ცდილობენ.

"ქართული ოცნება ცდილობს, რომ შემოიტანოს დაძაბულობა, რომ ჩაშალოს საკრებულოს სხდომა, რომ დღეს აქ არ შედგეს კენჭისყრა. აი, ეს ფაქტიც კი მიუთითებს იმას, თუ რამდენად პანიკური შიში აქვს ქართულ ოცნებას, რომ ისინი აქ დაკარგავენ ძალაუფლებას და არჩეული იქნება ოპოზიციის კანდიდატი", — განაცხადა მან.

მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი გოგოხიამ კი ფარულავას არჩევამდე თქვა, რომ ენმ-სა და გახარიას პარტიას შორის წალენჯიხასა და ჩხოროწყუს შემდეგ "ქორწილი" ზუგდიდშიც გაგრძელდა.

"ქორწილი გაგრძელდა როგორც წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ა.შ [...] ხმების რაოდენობა ჰყოფნით ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას და მიიღონ გადაწყვეტილება და აირჩიონ [...] ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა გიგამ, მთელი ცხოვრება იქნება ამ ტვირთით, უნდა ზიდოს ეს ტვირთი და შეიძლება გაუჭირდეს", — აღნიშნა მან.

მოგვიანებით, წითლიძემ განაცხადა, რომ ამაზე რთული გადაწყვეტილება ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნის პერიოდში არცერთხელ მიუღია. მისი თქმით, "დიდი არჩევანი არ იყო".

"ზუგდიდს ჰყავს უკვე მოქმედი საკრებულო, რომელსაც შეუძლია ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბიუჯეტში ცვლილებებისთვის და არა მხოლოდ. რაც შეეხება გახარიას, მე ვიდექი 20 ივნისს და მე პირადად გადავიტანე მისი ხელმძღვანელობით სამეგრელოში საარჩევნო ტერორი. მის კისერზეა კერზაიას საქმე, 20 ივნისი, ანაკლიის პორტი და არა მხოლოდ — ამაზე პასუხისგება მას მოუწევს მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება დასრულდება ეს დასასრული კი დაიწყო წალეჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში, დღეს უკვე ზუგდიდშიც ქართული ოცნება დამარცხა", — დაწერა მან ფეისბუქგვერდზე.