სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისათვის ბოლო პერიოდში ბევრი საინტერესო სიახლეა: ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ დიუნის მეორე ნაწილთან ერთად დენი ვილნევი კლასიკოსი ფანტასტი მწერლის, ართურ კლარკის, რომანის ეკრანიზაციაზე იმუშავებს.

აი, ვილნევის უკვე წარმატებულ ფილმს, Blade Runner 2049-ს კი Amazon სერიალად გააგრძელებს. პროექტის პროდიუსერი, არც მეტი, არც ნაკლები, რიდლი სკოტია. ამერიკული გამოცემების წყაროების ცნობით, სკოტი, შესაძლოა, სერიალის რეჟისორადაც მოგვევლინოს.

Blade Runner 2099-ის სიუჟეტი, რომელიც ჯამში 10 სერიას მოიცავს, 2017 წელს გამოსულ ფილმში მომხდარი მოვლენებიდან 50 წლის შემდეგ განვითარდება.

Blade Runner-ის სერიალზე მუშაობა სკოტმა ჯერ კიდევ 2021 წელს დაადასტურა, თუმცა, პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი.

მეტ და მნიშვნელოვან ინფორმაციაში ისიც მოიაზრება, რომ სერიალს Amazon Prime იღებს — ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. ბოლოს და ბოლოს, სერიალებს ყველაზე მასშტაბურ პროექტად მიჩნეული ბეჭდების მბრძანებელი, რომელიც რამდენიმე თვეში გამოვა, სწორედ Amazon-მა გადაიღო და მასზე ასობით მილიონი დოლარი დახარჯა.

Blade Runner-ის ორიგინალური ვერსია, რომელიც ფილიპ დიკის რომანს ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? ეფუძნება, 1982 წელს გამოვიდა. კლასიკად ქცეული ფილმი 2017 წელს Blade Runner 2049-ით გაგრძელდა, სადაც ჰარისონ ფორდმა ისევ ითამაშა. ამასთან, ფრენჩაიზს რაიან გოსლინგი და სხვა ახალგაზრდა მსახიობებიც შეუერთდნენ.

ფრენჩაიზმა ასევე მოიცვა სხვა პლატფორმებიც — შარშან ანიმე სერიალი Blade Runner: Black Lotus გამოვიდა, სადაც მოქმედება ორ ფილმს შორის პერიოდში ხდება. შოუს საპროდიუსერო კომპანია ასევე გეგმავს, რომ შექმნან თამაშები და პროდუქტები ნაწარმოების ატრიბუტიკით.

84 წლის რიდლი სკოტი კი შემოქმედებით ცხოვრებას აქტიურად აგრძელებს. გასულ წელს მისი ორი ფილმი, The Last Duel და House of Gucci, გამოვიდა. ამჟამად იგი ნაპოლეონის ცხოვრებაზე ფილმის გადასაღებად ემზადება, სადაც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი მოირგებს.