რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებული ბეტმენის ახალი ფილმი ეკრანებზე ჯერჯერობით არ გამოსულა, თუმცა უკვე ოჯახში უთანხმოების საბაბი ხდება. ცოტა ხნის წინ რედიტის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საზოგადოების ყურადღება მისი ქმრის ისტორიით მიიქცია. როგორც აღმოჩნდა, ბეტმენის პრემიერა, რომელიც 4 მარტსაა დაგეგმილი, ქალის მშობიარობას ემთხვევა, თუმცა ბეტმენის ფანი ქმარი აპირებს, მშობიარობის ნაცვლად პრემიერას დაესწროს.

ქალის თქმით, მართალია, იცის, რომ ბავშვები ზუსტად დათქმულ დროს არ ჩნდებიან, მაგრამ ფიქრობს, რომ ბავშვის დაბადება ბეტმენის პრემიერას მაინც შეიძლება დაემთხვეს, მის ქმარს კი სპოილერები იმდენად სძულს, რომ მშობიარობაზე დასწრებას პრემიერაზე წასვლა ურჩევნია.

"ის ამბობს, რომ სპოილერების გამო ფილმის პრემიერაზე დასწრება მისთვის აუცილებელია. მისი თქმით, თუნდაც მშობიარობა მაშინ დამეწყოს, როცა ის ფილმს უყურებს, ყველაზე უარეს შემთხვევაში რამდენიმე საათით დააგვიანებს, რაც პრობლემა არაა. ამბობს, რომ ორსულობის გამო ირაციონალური და ემოციური ვარ, მე კი მწყინს, რადგან ვგრძნობ, რომ მისთვის პრიორიტეტი არ ვარ", — წერს ქალი პოსტში.

ქალმა რედიტის მომხმარებლებს მომხდარის შესახებ აზრი ჰკითხა. მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ქალის მხარე დაიჭირა, თუმცა უცნობია, მოახერხებს თუ არა ის ქმრის გადაწყვეტილების შეცვლას.

ნახეთ იმ ფილმის ტრეილერი, რომელიც ქმარს შვილის დაბადებაზე მეტად აინტერესებს: