ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის სერვისი — Starlink უკვე უკრაინაშიც გაეშვა.

ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფიოდოროვმა მასკს Twitter-ის საშუალებით პირადად მიმართა და რუსეთის შემოჭრის ფონზე ქვეყნის ინტერნეტით უზრუნველყოფა სთხოვა. თუმცა, სანამ ეს ამბავი გაგვიხარდება, უნდა გავიხსენოთ, რომ მასკის ეს დაპირება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მთელ უკრაინას Starlink-ის ინტერნეტკავშირზე წვდომა უკვე შეუძლია. ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც Starlink-სა და მის უკრაინაში გამოყენებაზე უნდა იცოდეთ.

რა არის Starlink?

Starlink სატელიტური ინტერნეტ სერვისია, რომლის მიზანიც დედამიწის ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა. ამჟამად, დედამიწის ქვედა ორბიტაზე ორბიტაზე Starlink-ის 2 091 ხელოვნური თანამგზავრია გაშვებული. ისინი ერთიან ქსელს ქმნიან, რომელსაც სატელიტური ინტერნეტის თანავარსკვლავედსაც უწოდებენ. პირველ ეტაპზე მასკი გეგმავს, ორბიტაზე 12 000 თანამგზავრი განათავსოს, მოგვიანებით კი, ამ რიცხვმა, შესაძლოა, 42 000-სსაც მიაღწიოს.

Starlink-ის მთავარი მიზანი დედამიწის მოსახლეობისთვის მცირე შეყოვნების ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფაა. ინტერნეტის შეყოვნება ბრძანებასა და საპასუხო რეაქციას შორის დროის შუალედს ეწოდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ნაკლებია ეს სიდიდე, მით უფრო სწრაფად ხდება ინტერნეტის მიწოდება.

აქამდე Starlink ინტერნეტ სერვისით 28 ქვეყანას უზრუნველყოფდა, უკრაინა კი 29-ეა. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ხელოვნური თანამგზავრებით ინტერნეტკავშირის მიწოდება თითქმის მთელი დედამიწისთვისაა შესაძლებელი, ასეთი დაფარვა სხვადასხვა ლიცენზიებითა და ხელშეკრულებებითაა შეზღუდული.

ფოტო: BrandsIT

ვიცე-პრემიერის მიმართვა მასკს

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფიოდოროვმა მასკს Twitter-ის საშუალებით მიმართა.

"სანამ თქვენ მარსის კოლონიზაციას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას არ აკლებს მცდელობას! სანამ თქვენი რაკეტები კოსმოსში წარმატებით ეშვებიან, რუსეთის რაკეტები უკრაინელ მოქალაქეებს ესხმიან თავს. გთხოვთ, უკრაინა Starlink სადგურებით მოამარაგოთ და საღად მოაზროვნე რუსებს მიმართოთ, რომ გვერდში დაგვიდგნენ".

მეორე დღეს მაკსმა ფიოდოროვს უპასუხა, რომ Starlink უკრაინაში უკვე გააქტიურდა და მალე ქვეყანას ტერმინალებითაც მოამარაგებენ.

რას ნიშნავს უკრაინაში Starlink-ის გაშვება?

Starlink-ის დაფარვის უკრაინაზე გაფართოება, შესაძლოა, ქვეყანაში ალტერნატიული ინტერნეტ ინფრასტრუქტურის შექმნის მარტივი გზა იყოს.

Starlink-ის ინტერნეტ სერვისი სარელეო ანძებისა და დაბალი ორბიტის ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედით მიეწოდება. უკრაინაში ინტერნეტის ტრადიციული ინფრასტრუქტურის ნაცვლად Starlink-ის გამოყენებამ ქვეყანაში ინტერნეტკავშირის მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, სარელეო ანძები, რომელსაც Starlink უკრაინის ინტერნეტით უზრუნველსაყოფად გამოიყენებს, სავარაუდოდ, ქვეყნის მეზობელ სახელმწიფოებში განლაგდება, სადაც რუსეთის ჯარები მათ მიზანში ამოღებას ვერ შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მასკმა Twitter-ით უკრაინაში Starlink-ის გაშვების შესახებ გვამცნო, ქვეყანაში სერვისის ჩატვირთვა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინელებს მისი გამოყენება უკვე შეუძლიათ.

ქსელის ასამოქმედებლად და სიგნალის მისაღებად უკრაინაში Starlink-ის სატელიტური თეფშების იმპორტი უნდა დაიწყოს. მასკმა განაცხადა, რომ უკრაინისკენ ტერმინალები უკვე გაიგზავნა, თუმცა არაერთხელ დავრწმუნდით, რომ მას დაპირებულის დროულად შესრულება არც ისე კარგად გამოსდის. გარდა ამისა, გაურკვეველია, თუ როგორ მიაღწევს ეს მარაგი ომის პირობებში უკრაინის მთავრობამდე, კიევში.

ფოტო: Middle east eye

ფიოდორვს თავის ტვიტში არ აღუნიშნავს, რატომ უნდა უკრაინის მთავრობას Starlink სერვისის გამოყენება. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, ქვეყანაზე არაერთი კიბერშეტევა განხორციელდა, თუმცა უკრაინის ინტერნეტი ჯერჯერობით აქტიურია და სტაბილურად მუშაობს.

ქვეყნის მთავრობამ საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენა ისეთი ინტერნეტ სერვისები, როგორიც Telegram-ის შეტყობინებების აპლიკაციაა, რათა თავიანთი მოქალაქეებისთვის ომის მიმდინარეობის შესახებ სანდო ინფორმაცია მიეწოდებინა. როგორც ჩანს, უკრაინის მინისტრები Twitter-ზე აქტიურობასაც განაგრძობენ. თუმცა, ქვეყანაში, რომელზეც ომმა დიდი გავლენა იქონია, ინტერნეტი ომის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაითიშა და, შესაძლებელია, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის ტერიტორიაზე ისეთი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა დააზიანონ, როგორიც გადამცემი ანძებია.

მეორე ტვიტში ფიოდოროვმა უკრაინის ელჩს აშშ-ში, ოქსანა მარკაროვას მადლობა გადაუხადა "ავტორიზაციასთან და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხების სწრაფად მოგვარებაში" დახმარებისთვის, რამაც უკრაინაში Starlink-ის გააქტიურება გახადა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქამდე უკრაინაში Starlink-ის გაშვებას არა ტექნიკურმა, არამედ ადმინისტრაციულმა საკითხებმა შეუშალა ხელი.

Starlink-ის ვებგვერდის მიხედვით, თანამგზავრული ინტერნეტის სერვისის გაშვება უკრაინაში 2023 წელს იგეგმებოდა, ამიტომ ტვიტერის საუბარი ფიოდოროვსა და მასკს შორის, როგორც ჩანს, უკვე არსებული გეგმის დაჩქარებულ ამოქმედებას მოასწავებს.