დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო დღეს კორონავირუსის ყველა ტესტის პასუხი პორტალზე ვერ აიტვირთა. მისივე თქმით, მონაცემები, რომლებიც დღეს ვერ აიტვირთა, ხვალინდელ კოვიდსტატისტიკაში აისახება.

"პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც", — ამბობს ის.

გამყრელიძის თქმით, ვინაიდან დღევანდელი სტატისტიკა არასრულია, ამ მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ.

14 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 22 517, ხოლო გარდაიცვალა 21 ადამიანი.