იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობები მაღალია, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალი, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ვაქცინირებულ პირს კორონავირუსი "ჩვეულებრივ" ემართება.

პრემიერმინისტრს ამ თემაზე საუბრისას არ უხსენებია ის, რასაც ეპიდემიოლოგები, მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს წევრები, არაერთი თვეა იმეორებენ — რომ ბუსტერ დოზის გაკეთება აუცილებელია.

"ომიკრონის შემთხვევაში ძალიან ბევრი შემთხვევა კი არა, ალბათ, უმეტესობა, ვაქცინა არ მუშაობს, ანუ, ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ, ემართება ომიკრონი. მაგალითად, მე ვარ აგერ კიდევ ერთი მაგალითი. მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ომიკრონი, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში ეს ვირუსი, იმაზე უფრო მსუბუქად, როცა მე მქონია, არაერთი სხვა ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია", — განაცხადა მან.

ვაქცინაციის მნიშვნელობაში დასამტკიცებლად NCDC-ის სტატისტიკაც, საკმარისია, რომელიც აჩვენებს, რომ ვაქცინაცია, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, გარდაცვალების რისკებს ამცირებს.

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 73 774 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული. NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად კი, მათგან მხოლოდ 6-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამასთან, 15 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდის მონაცემების მიხედვით, ბუსტერ დოზა 99,78%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისა და კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან. NCDC-ის მიხედვით, ამავე პერიოდში, ბუსტერ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის არიდება 99,78%-ით შეძლო.

კვლევები ადასტურებს, რომ მართალია mRNA (ფაიზერი, მოდერნა) ვაქცინის ერთი ან ორი დოზა ვერ ანეიტრალებს ომიკრონს, თუმცა მესამე დოზა იმუნური მეხსიერების გააქტიურებას ახერხებს, რითაც აძლიერებს ანტისხეულების გამანეიტრალებელ ფუნქციას და ეფექტიანად ასუსტებს კორონავირუსის ამ შტამს.

აღსანიშნავია, რომ თავად პრემიერმინისტრს ვაქცინის ბუსტერ დოზა გაკეთებული არ აქვს და ომიკრონთან აცრის არაეფეტურობაზე მხოლოდ ორი დოზით ვაქცინირების საფუძველზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, On.ge დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. მან გვთხოვა მისთვის მოკლეტრექსტური შეტყობინება მიგვეწერა, თუმცა კითხვის დასმის შემდეგ, ჩვენს შეკითხვებს აღარ უპასუხა.

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის მტკიცებით, ღარიბაშვილის განცხადებაზე სრულიად "უსაგნო და უსაფუძვლო" სპეკულაცია დაიწყო და ის "კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი".

"ეს განცხადება გაკეთებული იყო მწვანე პასპორტების გაუქმების კონტექსტში, ვინაიდან ახალი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაც ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ ომიკრონი არ შეგვხვდება, მწვანე პასპორტების მუშაობა აზრს კარგავს", — წერს ის.

არგუმენტად გიორგობიანს მოჰყავს ის, რომ პრემიერმინისტრის ოჯახი ორჯერადადაა აცრილი და ვაქცინები ქვეყანაში სწორედ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს შემოვიდა.

გაიგე მეტი: