2022 წლის Super Bowl-ს მარველის გულშემატკივრებისთვის სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. ღონისძიებაზე მარველის ახალი ფილმის, Doctor Strange in the Multiverse of Madness-ის ახალი ტრეილერის პრემიერა შედგა, რომელიც დაუვიწყარ და საკმაოდ დაძაბულ სანახაობას გვპირდება.

Doctor Strange in the Multiverse of Madness-ის პირველი ტრეილერი ჯერ კიდევ Spider-Man: No Way Home-ის ფილმის ბოლოს ვიხილეთ, თუმცა ახალი ტრეილერი ფილმის სავარაუდო შინაარსზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის. როგორც ჩანს, მულტისამყაროში ჩარევა ბენედიქტ კამბერბეჩის პერსონაჟს საკმაოდ ძვირად დაუჯდება, რაზეც ტრეილერის დაძაბული მუსიკა და სცენებიც მოწმობს. ამასთან, ფანების აზრით, ტრეილერი პროფესორი იქსის დაბრუნებაზეც მიგვანიშნებს.

ახალი ტრეილერის მიხედვით, ფილმში დოქტორი სტრეინჯისა და ვანდას მულტისამყაროსეულ ვარიანტებსაც ვიხილავთ. ტრეილერის ნახვის შემდეგ ფანებს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგია: ვინ არის ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი?

Doctor Strange in the Multiverse of Madness-ის რეჟისორი ტობი მაგუაირის სპაიდერმენის შემქმნელი სემ რაიმია. ფილმის პრემიერა 6 მაისსაა დაგეგმილი.