დიდხნიანი ნატვრის შემდეგ უკვე შეგვიძლია, შედარებით უკეთ და ახლოდან შევაფასოთ სერიალი, რომელსაც ფენტეზის ჟანრის მოყვარულები გაფაციცებით ელიან.

კომპანია ამაზონმა Super Bowl-ის ფარგლებში თავისი ყველაზე ამბიციური სერიალის Lord of the Rings: The Rings of Power (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები) პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ქვემოთ მოცემულ ერთწუთიან ვიდეოში სიუჟეტის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიგებთ, მაგრამ სანაცვლოდ უკეთესი წარმოდგენა გვექმნება პერსონაჟებსა და სამყაროზე. მილიონობით მაყურებლის მიმართ ტრეილერის ერთი მთავარი გზავნილიც ნათელია: მოემზადეთ შუახმელეთში დასაბრუნებლად!

უკვე ვიცით, რომ მომავალი სერიალი სიუჟეტი ჰობიტის ფილმებსა და ბეჭდების ტრილოგიაში აღწერილ მოვლენებამდე საუკუნეებით ადრეულ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ლეგენდარული ჯ.რ.რ. ტოლკინის მითოლოგიას უკეთესად გაგვაცნობს და მის ზღაპრულ სამყაროს კიდევ უფრო მასშტაბურად განავრცობს.

ცნობილია ისიც, რომ ძალაუფლების ბეჭდები ყველაზე ძვირადღირებული სერიალი იქნება, რაც კი აქამდე გადაუღიათ.

2 სექტემბერს შეგვეძლება საბოლოო შედეგი შევაფასოთ, როცა სერიალის პირველი სერია გამოვა.