ჩვენს მკითხველებს შორის არაერთი ისეთი აღმოჩნდა, ვისაც მორცხვების ყოველდღიურობიდან ჩვეული სიტუაციები ძალიან ეცნო, საკუთარი თავი მოაგონდა და ამის გამო ძალიან გამხიარულდა კიდეც.

თუმცა ვინმეს ხომ არ ეგონა, რომ სია მხოლოდ ამით ამოიწურებოდა?

რა გამოლევს იმ უხერხულობებს, რომლებიც ძირითადად მხოლოდ იმ ადამიანების გონებაში ვითარდება, ვისაც ემოციების გამოხატვა განსაკუთრებულად უჭირს, თორემ, როგორც წესი, სხვა ამას ვერც ამჩნევს ხოლმე. შესაბამისად, კიდევ 10 ისეთ სიტუაციას წარმოგიდგენთ, რომელშიც ისევ თუ აღმოჩნდები, ამიერიდან შეგიძლია გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ და არც ეგეთი დიდი ამბავია.

1. სავაჭრო ობიექტში სასურველ პროდუქტს ვერ პოულობ, მაგრამ დახმარებას ვერავის სთხოვ

ფოტო: Giphy

კონსულტანტსაც კი ვერაფერს ეუბნები, სანამ თავად არ შემოგთავაზებს დახმარებას მას შემდეგ, რაც შეამჩნევს, როგორ იყურები ირგვლივ შვლის ნუკრის თვალებით და შველას უსიტყვოდ ითხოვ.

2. უცხო ქალაქში გზა გებნევა და დახმარების თხოვნა ამჯერადაც გესიკვდილება

ფოტო: Giphy

მთელი 10 წუთი ემზადები იმისთვის, რომ გზა ჰკითხო რომელიმე შემთხვევით გამვლელს. გიახლოვდება... ცოტაც... ახლა უნდა გააჩერო, მაგრამ ხმას ვერ იღებ, ის გვერდით ჩაგივლის, შენ კი დგახარ და სასოწარკვეთილი შეჰყურებ, პოტენციური მშველელი თავის გზაზე როგორ მინარნარებს. Google Maps ჩვენი არსობისა!

3. ყოველ წამს გთხოვენ, უფრო ხმამაღლა ილაპარაკო

ფოტო: Giphy

"ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ... რვაჯერ?"

4. ვერბალური კომუნიკაცია VS წერილობითი კომუნიკაცია

ფოტო: Giphy

ზარები და პირისპირ საუბრები ჩვენი მარადიული ტკივილია. ხოლო, როცა საქმე წერილობით კომუნიკაციას ეხება, ყველაფერი კარგადაა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სიტუაცია კაფეში:

— რას მიირთმევთ?

— შეიძლება, პასუხი ფოსტით მოგწეროთ?

5. ხალხი ფიქრობს, რომ უხეში და "ჩუმჩუმელა" ხარ

ფოტო: Giphy

სინამდვილეში, თბილი და გულწრფელი ადამიანი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ ახლო მეგობრებმა იციან. ამის გამო არ გაწითლდე, კარგი?

6. მეზობლებსა და ნათესავებს ვერ ცნობ

ფოტო: Giphy

რადგან სამშობიაროდან რომ წამოგიყვანეს, სახლიდან მის მერე არ გასულხარ.

7. ვერ იტან, როცა ფოტოს გიღებენ

ფოტო: Giphy

წარმოდგენა არ გაქვს, ამ დროს რა უნდა ქნა — ერთი ფეხი წინ გამოწიო და ქუსლი ოდნავ აწიო, ისე მოიქცე, თითქოს ვერ ხედავ, რომ ფოტოს გიღებენ, ყირაზე დადგე თუ უბრალოდ გაიღიმო.

8. "ნახე, როგორ გაწითლდა!"

ფოტო: Giphy

ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ უარესად წითლდები და გინდა, რომ იმ ადგილიდან გაიქცე, მაგრამ ამისაც გრცხვენია.

9. საგანგებოდ ემზადები ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრისთვის, მაგრამ...

ფოტო: Giphy

შეხვედრისას უბრალოდ არაფერი ხდება, რადგან ვერ ხვდები, რაზე ილაპარაკო. იმედია, თავისით მიხვდება, რომ მასზე ჭკუას კარგავ და ერთი სული გქონდა, პირადად როდის გაიცნობდი.

10. შენსავით მორცხვ ადამიანს შეხვდი... ბუზის გაფრენის ხმა

ფოტო: Giphy

"არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად".