საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს.

კომისიამ ის საკონკურსო პირობები განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა — როგორც ცნობილია, ამჟამად პენსიებს ექსკლუზიურად ლიბერთი ბანკი გასცემს.

კომისიის წევრების კომენტარებიდან გაირკვა, რომ პენსიით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დადგინდება და ის ბანკთაშორის განაკვეთს დამატებული 15% იქნება. არსებული მდგომარეობით საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვრად 26% განისაზღვრა.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ბანკთაშორის განაკვეთის ცვლილებასთან ერთად შეიცვლება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპენსიო სესხის პროცენტზე დაწესებული ზედა ზღვარი ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა. დავითაშვილმა სესხის საპროცენტო განაკვეთზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას უზრუნველყოფს.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იღებენ არ გაუარესებულიყო და პირიქით, გაუმჯობესდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე, ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის. ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული და იქნება 26% — ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", — თქვა ლევან დავითაშვილმა.

უფრო მეტი დეტალის შესახებ ისაუბრეს კომისიის სხვა წევრებმა. ალეკო ელისაშვილის თქმით, სახელმწიფო გამარჯვებულ ბანკს პენსიის დარიგებისთვის წლიურად 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

საუბარია სუბსიდიაზე, რომელიც, სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკომპენსაციოდ გაიცემა.

ელისაშვილის თქმით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით შემცირდება. მან ასევე ისაუბრა იმ ბანკების შესახებ, რომლებმაც, მისი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით სურვილი უკვე გამოთქვეს.

"თებერვლის ბოლოს გამოცხადდება ახალი კონკურსი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. ერთთვიანი კონკურსი იქნება, სადაც ბანკები მიიღებენ მონაწილეობას და დადასტურებულია სულ მცირე ორი ბანკისგან სურვილი და ინტერესი, რომ მიიღებენ ამაში მონაწილეობას.

სახელმწიფო მზად არის, რომ პენსიონერთა პენსიების დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს და ეს სუბსიდია არაფერი არ არის ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის. ასევე, შევთანხმდით, რომ ბანკებს შორის სესხის პროცენტთან დაკავშირებით კონკურენცია იქნება, მაგრამ ერთი რაც არის გადაწყვეტილი — დღეს რომ ლიბერთი ბანკი 36%-ში აძლევს პენსიონერებს სესხს, ჭერი იქნება 26%", — თქვა ალეკო ელისაშვილმა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, თავად აირჩიონ საპენსიო ბანკი. მან თქვა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ის ამისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

საზოგადოება და ბაკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მედიასთან ამბობს, რომ სესხზე ზედა ზღვრის დაწესება საბაზრო პრინციპებში ერთგვარი ჩარევაა. ის ხედავს რისკებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მისაღები იქნება ბანკებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პირობები. ასევე, მისგან ცნობილი გახდა, რომ ახალი კონტრაქტი რომელიც კომერციულ ბაკთან გაფორმდება 7-წლიანი იქნება.

"რეალურად, ამ საკონკურსო პირობებით საპენსიო განაკვეთი უნდა შემცირდეს, მაგრამ მე ვხედავ ერთ რისკს — რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის ეს არსებული პირობები, რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკის გარეშე პენსიებს ვერ დავარიგებთ. ბანკებს უნდა აინტერესებდეთ ის პირობები, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს, 15 მილიონი ლარი და საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ბანკთაშორის განაკვეთს პლუს 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ზედა ზღვრის დაწესება, რა თქმა უნდა, არის ერთგვარი ჩარევა საბაზრო პრინციპებში, თუმცა რადგან სახელმწიფო ერთგვარად მონოპოლიას ანიჭებს იმ კომერციულ ბანკს, რომელიც თითქმის 7 წლის განმავლობაში (ჯერჯერობით 7 წელი ჩაიდება საკონკურსო პირობებში) დაარიგებს პენსიას, ამიტომ სახელმწიფო თავის ბერკეტს დებს და ამ ზედა ზღვარს აწესებს საპროცენტო განაკვეთის. ვნახოთ, გამოჩნდება რამდენი კომერციული ბანკი დაინტერესდება და ისევ დაინტერესდება თუ არა ლიბერთი ბანკი ამ პირობებით" — თქვა გიორგი კეპულაძემ.


უწყებათაშორისი კომისია მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 28 ივლისს შეიქმნა. უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში, რომელიც გუშინ, 11 თებერვალს გაიმართა, მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.

რამდენად გამოთქვამენ კონკურსში მონაწილეობის სურვილს და იქნება თუ არა 15-მილიონიანი სუბსიდია საკმარისი იმისთვის, რომ კომერციულმა ბანკებმა საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეამცირონ, ეს კონკურსის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.