პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირი, რომელმაც მათი მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიყიდა დამნაშავედ ცნო და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა ედება ბრალად.

სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი — 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. სირეცი, რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ.-ს, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავდა", — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2021 წლის 5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ხელისუფლება ცდილობს ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს. ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების კადრები გაავრცელა და ეს საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი კადრების გასაჯაროების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა. ინსპექტორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.

დაწყებულია გამოძიება, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და არ დასრულებულა გამოძიებაც. ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.