თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მათი თქმით, მშენებლობის მწარმოებლებს გააფრთხილეს, რომ ნაგებობები დაანგრიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონტაჟს თავად განახორციელებენ.

"კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა იდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს", — ნათქვამია განცხადებაში.

მერიაში ამბობენ, რომ ინსპექციამ, ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართადარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა.

28 იანვარს მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ამაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასახლებაში მერიის მიერ დანგრეული სახლების მფლობელებს თბილისში ბინები, ხოლო რეგიონებში მიწის ნაკვეთები აქვთ. მისი თქმით, სახელმწიფო ტერიტორიების უკანონო მშენებლობებზე ყოველთვის ექნება რეაგირება.

აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს სახლები 2020 წლის 15 დეკემბერს დაუნგრიეს. რასაც მოსახლეობის პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა. ადგილზე რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.

დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, კალაძე აცხადებდა, რომ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება მიუღებელია. ასევე, ამბობდა, რომ მოსახლეობას სახლები და მიწები აქვთ და ისინი მიწების მიტაცებას მიზანმიმართულად ცდილობენ. პასუხად ადგილობრივებმა თქვეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.