რუს მოზარდს ციხეში ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობის ვირტუალურად აფეთქების დაგეგმვის ბრალდებით.

16 წლის ნიკიტა უვაროვს ციმბირში სამხედრო სასამართლომ "ტერორისტული წვრთნებისთვის" ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი მოზარდი გაათავისუფლეს, რადგან მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს.

სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

უვაროვი და კიდევ ორი მოზარდი ქალაქ კანსკში 2020 წლის ზაფხულში დაიჭერს, რადგან ისინი იმ ანარქისტი აქტივისტის მხარდამჭერ ბროშურებს ავრცელებდნენ, რომელიც ვანდალიზმის ბრალდებით იყო დაპატიმრებული.

მათ ერთ-ერთი ასეთი ბროშურა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც გააკრეს (FSB), რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის საბჭოთა პერიოდის KGB-ს თანამედროვე მემკვიდრეა.

პოლიციამ მათი ტელეფონები ამოიღო და განაცხადა, რომ იპოვეს გეგმა, თუ როგორ აპირებდნენ მოზარდები FSB-ს შენობის აფეთქებას პოპულარულ ვიდეოთამაშ Minecraft-ში.

მაშინ სამივენი 14 წლისები იყვნენ.

FSB-ს შენობა, მოსკოვი.

გამოძიების თანახმად, მოზარდები ასევე სწავლობდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნას და მათ ამოქმედებას მიტოვებულ შენობებში ტესტავდნენ.

უვაროვი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"ამ სასამართლო სხდომაზე ბოლოჯერ ვიტყვი: ტერორისტი არ ვარ", — განაცხადა 16 წლის ბრალდებულმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთში ახალგაზრდებს მსგავსი ბრალდებით ასამართლებენ: 2020 წელს შვიდ ანარქისტ და ანტიფაშისტ აქტივისტს 6-დან 18 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი 2017-18 წლებში დააპატიმრეს და როგორც თვითონ აცხადებენ, აღიარების მისაღებად წამების სხვადასხვა მეთოდით კითხავდნენ.