საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრომ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული 13 პროექტი შეაჩერა. საინიცატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სულხან სალაძის თქმით, ამ 13 პროექტიდან 2-ის ავტორები არიან ადამიანები, რომლებიც დღეს სამუზეუმო სისტემიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული არიან.

"ამის მიუხედავად მათ სრული უფლება ჰქონდათ, რომ როგორც მეცნიერებს, მკვლევარებს ფონდებში ემუშავათ, კოლექციებთან ჰქონოდათ შესაბამისი შეხება და გაეგრძელებინათ ის სამეცნიერო საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.

საპასუხოდ იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ეს გათავისუფლებები უკავშირდებოდა არა ობიექტურ საფუძვლებს, არამედ განსხვავებული აზრის დევნას, ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა, მინისტრ წულოუკიანის მიერ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს გამოცემული იქნა ბრძანება და შეიზღუდა ფონდებში დაშვების წესი, ამას მოჰყვა შემდეგში საგრანტო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით შეცვლილი წესი", — აცხადებს სალაძე.

მისივე თქმით, 7 თებერვალს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის რიგგარეშე სხდომაზე ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიიღეს, რადგან მას სამართლებრივი წინაპირობა არ ჰქონია.

"ამით არ მთავრდება ეს პროცესი, სამწუხაროდ, ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ ინფორმაცია და ვთქვით, რომ უკვე სახეზეა შემთხვევები, როდესაც 7 თებერვალს ჩატარდა ეროვნული მუზეუმის დირექტორატის რიგგარეშე სხდომა. ამ სხდომაზე კანონის დარღვევით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რადგანაც არ ჰქონდა მას სამართლებრივი წინაპირობა და საფუძველი, რომ თურმე ეროვნულმა მუზეუმმა თავის დროზე, გასულ წელს კანონის მოთხოვნების დარღვევით გააგზავნა განაცხადები რუსთაველის ფონდში", — ამბობს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

სალაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში არანაირ კანონმდებლობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებიდ დროს იმაზე, თუ რომელი პროექტები იქნებოდა ნომინირებული რუსთაველის ფონდში, დირექტორატს არ გააჩნდა ის ფუნქციები, რაც დღეს აქვს.

"ფუნქციები არსებობდა სამეცნიერო საბჭოზე და სამეცნიერო საბჭოს მიერ არის მიღებული გადაწყვეტილება, ეს ძალიან კარგად ჩანს სხდომის ოქმით, რომელიც 7 თებერვალს გაიმართა და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორატი, რომლის უმრავლესობაც დღეს წარმოდგენილი არის მინისტრ წულუკიანის მიერ დანიშნული ერთგული ქვეშევრდომებით, აგრძელებენ ეროვნული მუზეიმის წინააღმდეგ საქმიანობას.

9 თებერვალს მათ მიწერეს წერილი რუსთაველის ფონდს და მოითხოვეს, რომ ცამეტივე პროექტის დაფინანსება იყოს შეწყვეტილი და პრაქტიკულად უამრავი მეცნიერი რჩება სამეცნიერო კვლევისა და იმ საქმიანობის გარეშე, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია", — ამბობს ის.

საინიციატივო ჯგუფი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომ დროულად გამოიყენოს კონტროლის მექანიზმები, უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.