საფრანგეთის გამოქვაბულში ნაპოვნი ბავშვის კბილი ყველაფერს ცვლის! ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე ადრეული მტკიცებულება, რის მიხედვითაც თანამედროვე ადამიანები დასავლეთ ევროპაში 10 000 წლით ადრე იმყოფებოდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ეს პატარა ფრაგმენტი მიუთითებს იმაზე, რომ თანამედროვე ადამიანები დასავლეთ ევროპაში სულ მცირე 54 000 წლის წინ ცხოვრობდნენ.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის ამ აღმოჩენაზე დეტალური ინფორმაცია ჟურნალ Science Advances-შია მოცემული. აღმოჩენა გაკეთდა გამოქვაბულში, რომელიც გროტე მანდრინის სახელითაა ცნობილი და მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში, რონის ხეობაში. ამ კლდოვან თავშესაფარში ოდესღაც სახლობდნენ, როგორც ჰომო საპიენსები, ისე ნეანდერტალელები. თუმცა, გამოქვაბულის ნაშთების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამბავი ბევრად უფრო რთული და დამაინტრიგებელია, ვიდრე ადრე ეგონათ.

გამოქვაბულის 12 არქეოლოგიურ ფენაში აღმოაჩინეს მინიმუმ შვიდი განსხვავებული ადამიანის კბილების ნაშთები, თითოეული ფენა სხვადასხვა დროის პერიოდს წარმოადგენს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ინდივიდებიდან ექვსი იყო ნეანდერტალელი და ერთი ჰომო საპიენსის ბავშვი, რომელიც 54 000 წლით დაათარიღეს.

ადამიანის კბილების ნაშთებთან ერთად, მათ ასევე აღმოაჩინეს ქვის იარაღები. საინტერესოა არა მხოლოდ ბავშვის კბილის ასაკი, არამედ ისიც, რომ ჰომო საპიენსის ნაშთები ნეანდერტალელების ფენებს შორის მოთავსებულ სივრცეში აღმოაჩინეს.

მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ გროტე მანდრინი ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების შეხვედრის ადგილი იყო. ეს ნიშნავს, რომ ჰომო საპიენსი და ნეანდერტალელი კიდევ უფრო ხშირად იკვეთებოდა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

"გროტე მანდრინის აღმოჩენები მნიშვნელოვანია ნეანდერტალელებსა და ამ პიონერ ჰომო საპიენსებს შორის პირველი კონტაქტის შესასწავლად", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.