ჩრდილოეთ იტალიაში 70 წლის ქალის ცხედარი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ საკუთარი სახლის სავარძელში მჯდომარე იპოვეს.

70 წლის მარინელა ბერეტა ლომბარდიაში, კომოს ტბასთან ახლოს, მარტო ცხოვრობდა. რეგიონში ბოლოდროინდელი ძლიერი ქარების გამო ბერეტას ეზოში მიტოვებული და მოუვლელი ხეები საფრთხეს ქმნიდა. ამის გამო პოლიციამ გარდაცვლილის ტელეფონის ნომერზე რამდენჯერმე დარეკა და როცა არავინ უპასუხა, მასთან მისვლა გადაწყვიტა. სწორედ ასე იპოვა პოლიციამ მარინელა ბერეტას ცხედარი.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი მისაღები ოთახის სკამზე მჯდომარე იპოვეს. ჯერჯერობით 70 წლის ქალის სიკვდილის მიზეზი უცნობია, თუმცა სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ის 2019 წელს გარდაიცვალა.

70 წლის ქალის ნათესავები ჯერ არ გამოჩენილან და პოლიცია მისი ოჯახის წევრებს აქტიურად ეძებს. ბერეტას ცხედარი ამ ეტაპზე მორგში რჩება, თუმცა ადგილობრივი მთავრობა მას მალე დაკრძალავს.

ქალაქ კომოს მერი ქალაქის მოსახლეობას ბერეტას დაკრძალვაზე იწვევს და მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა საჭირო ხარჯს დაფარავს. "ასეთ მომენტებში ყველა ერთად უნდა ვიყოთ. თუნდაც ამ ქალს ნათესავები არ ჰყოლოდა, ახლა ჩვენ უნდა გავხდეთ მისი ოჯახის წევრები", — განაცხადა ქალაქის მერმა.