კორონავირუსის ახალი შტამის — ომიკრონის გამოჩენის შემდეგ, მეცნიერები შიშობდნენ, რომ არსებული ვაქცინებით გამომუშავებული იმუნიტეტი მას წინ სათანადოდ ვერ აღუდგებოდა. ასეც მოხდა — კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ორი დოზის ადმინისტრირება საკმარისი არაა იმისათვის, რომ ომიკრონის შტამისგან ჯეროვნად დაგვიცვას. აღსანიშნავია, რომ იგივე ვრცელდება ვირუსის გადატანის გზით ფორმირებულ ბუნებრივ იმუნიტეტზეც.

ასევე: განგაშის ზარი და კორონავირუსის ფრანკენშტაინი — ომიკრონის ელვისებური აღზევება

მეცნიერები კონკრეტულად ომიკრონის შტამზე ორიენტირებულ ვაქცინაზე უკვე მუშაობენ, კლინიკური ცდები დაწყებულია, თუმცა, მანამდე ერთხმად მიგვანიშნებენ ბუსტერ დოზის გაკეთების მნიშვნელობაზე, რადგან კვლევებით დგინდება, რომ მესამე დოზა სწორედ ისაა, რაც ომიკრონით გამოწვეული კორონავირუსის ინფექციის რთული ფორმებისაგან დაგვიცავს. კვლევების თანახმად, ამ მხრივ, ბუსტერ დოზის ეფექტიანობა 90%-ია.

შეგახსენებთ, რომ ბუსტერს კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზას უწოდებენ და მისი ადმინისტრირება ორი დოზის მიღებიდან უკვე სამი თვის ვადიდან ხდება. ის იმუნურ სისტემას ახსენებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის შემთხვევაში და შესაბამისად, ზრდის ორგანიზმის ვირუსთან გამკლავების უნარს.

ასევე: რა არის ბუსტერ დოზა და რაში გვჭირდება ის

ამ სტატიაში იმ კვლევებს განვიხილავთ, რომლებიც ომიკრონის წინააღმდეგ ბუსტერ დოზის ეფექტიანობის კუთხითაა გამოქვეყნებული.

ბუსტერ დოზა და ომიკრონი

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Cell 3 თებერვალს სამი კვლევა გამოქვეყნდა. ეს სამივე უახლესი ნაშრომი თანხმდება იმაზე, რომ ომიკრონის შტამი ეფექტიანად და დრამატულად ახერხებს ადამიანის ძირითადი იმუნური დაცვისგან (ანტისხეულებით განეიტრალება) თავის დახსნას. ამასთან, სამივე კვლევა ადასტურებს, რომ მართალია mRNA (ფაიზერი, მოდერნა) ვაქცინის ერთი ან ორი დოზა ვერ ანეიტრალებს ომიკრონს, თუმცა მესამე დოზა იმუნური მეხსიერების გააქტიურებას ახერხებს, რითაც აძლიერებს ანტისხეულების გამანეიტრალებერ ფუნქციას და ეფექტიანად ასუსტებს კორონავირუსის ამ შტამს.

უახლესი კვლევების თანახმად, ორი დოზით ვაქცინაცია წინა შტამების შემთხვევაში მაღალი ეფექტიანობით გამოირჩეოდა, თუმცა ახალი — ომიკრონ ვარიანტის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. სხვა საკითხია ბუსტერის, ანუ მესამე დოზის ადმინისტრირებით მიღებული შედეგი. ორი დოზით იმუნიზაციიდან რამდენიმე თვეში მესამე დოზის გაკეთება დრამატულად, 20-30-ჯერ ზრდის ომიკრონის მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს მაშინ როცა ადრინდელი შტამების მიმართ, ორ დოზასთან შედარებით, 1-4-ჯერ ზრდიდა (Garcia-Beltran et al., 2021; Dejnirattisai et al., 2022; Hoffmann et al., 2021). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა მესამე დოზა მუტირებული ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ გვთავაზობს დაახლოებით ისეთივე დაცვას, როგორსაც mRNA ვაქცინის ორი დოზა გვთავაზობდა, თავდაპირველ შტამთან მიმართებაში.

გარდა ამისა, ეს სამი კვლევა მიგვანიშნებს, რომ ვაქცინა არამანეიტრალებელი ანტისხეულების და T-ლიმფოციტების აქტივობის გზით მაინც იცავს აცრილ ინდივიდებს ომიკრონით გამოწვეული კოვიდის რთული ფორმებისგან და მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას.

სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, აშშ-ში ომიკრონის 13 000 შემთხვევის შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ ორი დოზით აცრილებთან შედარებით, ომიკრონის შედეგად სიმპტომატური ინფექციის განვითარების რისკი 66%-ით დაბალი იყო იმ პაციენტებში, რომელთაც მესამე დოზა ჰქონდათ გაკეთებული.

ფოტო: Jawahir Al-Naimi/Al Jazeera

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევის თანახმად, რომელმაც დეკემბრიდან იანვრამდე 88 000 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა შეისწავლა აშშ-ის 10 შტატში, ბუსტერი 90%-ით გვიცავს ჰოსპიტალიზაციისგან. ეს იმ პერიოდის მონაცემებია, როცა აშშ-ში ომიკრონი უკვე დომინანტური შტამი იყო. რომ შევადაროთ, ამავე კვლევის თანახმად, იმ პერიოდში ორი დოზის ადმინისტრიტება მხოლოდ 57%-ით იცავდა ჰოსპიტალიზაციისგან (მაშინ როცა სულ მცირე 6 თვე იყო გასული მეორე დოზის გაკეთებიდან).

CDC-იმ სასწრაფო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში ვიზიტის მაჩვენებელიც გაზომა, რომლის ფარგლებშიც 200 000-ზე მეტი ვიზიტი გააანალიზეს და გაირკვა, რომ მსგავსი სერვისის საჭიროებას ბუსტერ დოზა 82%-ით ამცირებდა. რომ შევადაროთ, ორი დოზის ადმინისტრირება სასწრაფო დახმარების მიზნით ვიზიტის პრევენციას 38%-ით ახერხებდა (მას შემდეგ, რაც სულ მცირე 6 თვე იყო გასული მეორე დოზის მიღებიდან).

საქართველოს მაგალითი — ბუსტერ დოზის ეფექტიანობა

საქართველოში ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა. 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 73 774 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული. NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად კი, მათგან მხოლოდ 133 დაინფიცირდა (0.18%), ხოლო კორონავირუსის ინფექციის გამო, მათგან მხოლოდ 6-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

ასევე: ბუსტერ დოზამ საქართველოში COVID-19-ით სიკვდილისგან 99.78%-ით დაგვიცვა — NCDC-ის ანგარიში

საქართველოში, 9 თვის მონაცემებით (15 მარტი-31 დეკემბერი), ბუსტერ დოზა 99.77 და 99.78%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და ინტენსიური/კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან. ამავე პერიოდში, ბუსტერ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის არიდება საქართველოში 99.78%-ით შეძლო. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვიგებთ.

10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში მესამე დოზა 189 558 ადამიანს აქვს გაკეთებული.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.