თიბისი Z-ისა და სტარტაპერის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი მასშტაბური Start-up მარათონი გაიმართება, რომელიც მიზნად მათთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობას, განსხვავებული იდეების მქონე თანატოლების აღმოჩენასა და მათი ბიზნეს იდეის რეალიზებას ისახავს. პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან — GITA-სთან პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეებს იდეის წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

Start-up მარათონის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები ელოდებათ:

  • სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისგან; ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობა და Start-up გარაჟის სერვისების საშუალებით ბიზნეს იდეის განვითარება;
  • 5 000 ლარიანი ჯილდო გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდისთვის თიბისი Z-ისა და სტარტაპერისგან.

პროექტი ალტე უნივერსიტეტში განხორციელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპი 28 თებერვლამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, სადაც პირად ინფორმაციასთან ერთად მოკლედ აღწერენ თავიანთ ბიზნეს იდეას. რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

მეორე ეტაპი, რომელიც 1-დან 7 მარტამდე გაგრძელდება, აპლიკაციების გადარჩევასა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებას მოიცავს. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • რამდენად ინოვაციურია ბიზნეს იდეა?
  • რამდენად დგას მისი განხორციელების საჭიროება?
  • რამდენად რეალისტურია ბიზნეს იდეა?
  • რა ცვლილებების მომტანია ბიზნეს იდეა?

უპირატესობა მიენიჭება იდეებს, რომელთაც წარადგენენ გუნდები. პროექტების შერჩევა მოხდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ.

მესამე ეტაპზე, რომელიც 7-დან 20 მარტამდე გაგრძელდება, შერჩეული გუნდები ტრენინგებს გაივლიან, რაც მათ საკუთარი ბიზნეს იდეის დახვეწაში დაეხმარება შემდეგი საკითხების მიხედვით:

  • იდეიდან პროტოტიპამდე;
  • პრეზენტაციის/Pitch-ის მომზადება;
  • ინოვაციური ბიზნეს მოდელის შემუშავება;
  • რესურსებისა და ინვესტორების მოზიდვა.

მეოთხე ეტაპი, 20 მარტიდან 5 აპრილამდე, პროექტზე მუშაობას დაეთმობა. მოსწავლეები დაიწყებენ საკუთარ ბიზნეს იდეაზე მუშაობას და მოემზადებიან პრეზენტაციის წარსადგენად. ამ პერიოდში თითოეულ მონაწილეს უხელმძღვანელებს მენტორი, რომელიც მოსწავლეთა გუნდებს დაეხმარება, დახვეწონ და წარსადგენად მოამზადონ ბიზნეს იდეები.

მეხუთე ეტაპზე, რომელიც აპრილში გაიმართება, ალტე უნივერსიტეტი პროექტების წარდგენის და დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებს. გამარჯვებულებს წინასწარ შედგენილი ჟიურის წევრები შეარჩევენ.