კანადის მთავრობამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც კანადის ტერიტორიაზე მარიხუანას ლეგალურ დაშვებასა და დარეგულირებას გულისხმობს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფოს ამჟამინდელი მიდგომა მარიხუანასდმი არ მუშაობს. ის სარგებლის მიღების საშუალებას აძლევდა კრიმინალებს და ორგანიზებულ დანაშაულს და ამავე დროს, ვერ უზრუნველყოფდა კანადელი ახალგაზრდების დაცვას. ხშირ შემთხვევაში ბავშვებისთვის უფრო მარტივია მარიხუანას შეძენა, ვიდრე - სიგარეტის.

"ძალიან მარტივია ჩვენი შვილებისთვის მარიხუანას მოპოვება. ეს უნდა შევცვალოთ," - წერს კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ფეისბუკზე.

"ამიტომ სამართალდამცავებთან, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ექსპერტებთან ფართო მოლაპარაკებების, ასევე, სპეციალური ჯგუფის ინტენსიური მუშაობის შედეგად მარიხუანას ლეგალიზაციასა და რეგულაციაზე, დღეს კანადის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა კანონპროექტი კანაფის ლეგალიზაციის, მკაცრი რეგულაციისა და შეზღუდული წვდომის შესახებ," - წერია მთავრობის განცხადებაში.

ინიცირებული კანონპროექტი შექმნის მკაცრ ლეგალურ სტრუქტურას კანადაში კანაფის წარმოების, დისტრიბუციის, გაყიდვისა და ფლობის კონტროლისთვის. პროექტის თანახმად, ზრდასრულ ადამიანებს კანაფის ლეგალურად ფლობა და მოხმარება შეეძლებათ, არასრულწლოვანი კანადელებისთვის მარიხუანას მიყიდვა კი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

კანადის ხელისუფლება, ასევე, გაამკაცრებს კანონებს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარებაზე, რაც ნულოვან ტოლერანტობას გულისხმობს მძღოლებისადმი, რომლებიც მარიხუანას ან რომელიმე სხვა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იქნებიან.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კანადის მთავრობა ცვლილებებს განახორციელებს არაუგვიანეს 2018 წლის ივლისისა.

მთავრობა დააფინანსებს დამატებით რესურსებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებისთვის.