TikTok საზოგადოების სახელმძღვანელო პრინციპებს აახლებს და ახალ ფუნქციებს უშვებს, რომლებიც, კომპანიის თქმით, მომხმარებელთა კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

პოლიტიკის ზოგიერთი ცვლილება ისეთ შიგთავსს ეხება, რომლის გამოც კომპანიას აქამდეც აკრიტიკებდნენ. აღსანიშნავია, რომ კონგრესში ოქტომბრის მოსმენისას სენატორებმა TikTok-ის წარმომადგენლებს ახალგაზრდა მომხმარებლების დაცვისაკენ მკაცრად მოუწოდეს.

ახალი უწყების თანახმად, ტიკტოკზე წაიშლება ვიდეოები, რომლებიც არაჯანსაღ კვებით ჩვევებს ახალისებს. ასეთია, მაგალითად, ინტერვალური შიმშილი, საზიანო დიეტები თუ გადამეტებული ვარჯიში. პლატფორმაზე კვებითი აშლილობების წამახალისებელი ვიდეოები უკვე აკრძალულია, თუმცა მომხმარებლები არაჯანსაღი კვებითი ქცევის ამსახველ ვიდეოებს კვლავაც ხშირად აწყდებიან.

პოლიტიკის ცვლილება სიძულვილის მომცველ იდეოლოგიებსა თუ ქცევებსაც კრძალავს:

  • შეცვლილი სახელის მქონე ტრანსგენდერისათვის თავდაპირველის დაძახება;
  • ადამიანების შეუსაბამო გენდერით მოხსენიება;
  • ქალთმოძულეობა;
  • გარდაქმნის თერაპიის ("თერაპია", რომლითაც ლგბტქ+ თემის წევრებისათვის სექსუალური ორიენტაციის "შეცვლას" ცდილობენ) წახალისება.

სოციალური მედიის გიგანტის კრიტიკოსები პლატფორმაზე არსებული საშიში გამოწვევებისა და ვინმეს მოსატყუებლად განკუთვნილი ოინების შესახებაც გვაფრთხილებენ. ონლაინ გამოწვევების კუთხით დეტალურ განხილვასთან ერთად, TikTok იმასაც აცხადებს, რომ ვიდეოთა სერიებს გამოუშვებს, რათა მომხმარებლებს პლატფორმის შიგთავსის შეფასებაში დაეხმაროს. კომპანიას თუ დავუჯერებთ, ვიდეოები Discover ველის #SaferTogether ნაწილში გამოჩნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ, TikTok-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, 2021 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში დარღვევების გამო 91 მილიონზე მეტი ვიდეო — ატვირთულ ვიდეოთა ერთი პროცენტი — წაიშალა.

"ტექნოლოგიასა და ხალხს ვიყენებთ, რათა დარღვევები დავაფიქსიროთ და წავშალოთ, ჩვენი პოლიტიკის შესასრულებლად კი ავტომატიზებული სისტემებისა და უსაფრთხოების გუნდის წვრთნას განვაგრძობთ", — ნათქვამია განცხადებაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.