დებიუტანტი ავტორებისთვის თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა შემოქმედებითი პროგრამა გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც წერს, თუმცა, ჯერ არცერთი ნაწარმოები არ გამოუქვეყნებია. ჩვენი პროგრამის მეშვეობით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ტექსტები პროფესიონალი ავტორის, რედაქტორისა და შემოქმედებითი წერის სპეციალისტისგან შემდგარ გუნდს გაუზიარონ. საბოლოოდ, გუნდი 10 საუკეთესო ნაშრომს შეარჩევს, ინდივიდუალურად მიმოიხილავს მათ და ტექსტების ავტორებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება.

შემოქმედებითი პროგრამის შესახებ და მის მიზანზე ვრცლად თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტების მენეჯერი, ლუკა გრიგოლია გვესაუბრა.

ლუკა გრიგოლია

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს შემოქმედებითი პროგრამა დებიუტანტი ავტორებისთვის და რას მისცემს ის ახალბედა მწერლებს?

პროგრამა მათთვისაა, ვინც წერს, ვისაც ახლა სურს მწერლობაში ძალების მოსინჯვა, თუმცა, ვიდრე გამომცემლობებს მიაკითხავენ, თავიანთი შემოქმედების შესახებ, პროფესიონალთა აზრი აინტერესებთ. პროგრამის მიზანია, ადამიანებმა, რომელთაც რედაქტორთან ან ლიტერატურული სფეროს სხვა სპეციალისტებთან არ ჰქონიათ შეხება, პირველად მიიღონ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება. 10 შერჩეული ავტორი ექსპერტთა გუნდისგან შეიტყობს, რა არის მათი უპირატესობა ან რა არ გამოსდით, რა აკლია მათ ტექსტს, რა არის ზედმეტი ან შესაცვლელი. ამგვარი შეფასება თუ კრიტიკა, ახალბედა ავტორებს მიმართულებას მისცემს, დაანახვებს, რა უნარების განვითარება სჭირდებათ და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

რა სახით გასცემს ექსპერტთა გუნდი დასკვნებს ნაწარმოებებზე? შესაძლებელია თუ არა, დებიუტანტებისა და სპეციალისტების თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდეს?

10 ავტორი ყველა ექსპერტისგან წერილობით დასკვნას მიიღებს, რომლებშიც სხვადასხვა სამწერლო ასპექტები, ამომწურავად იქნება მიმოხილული. დარწმუნებული ვარ, ავტორებს, ამგვარი მიმოხილვის მიუხედავად, კითხვები მაინც გაუჩნდებათ. ამიტომ, ყველაფერი ბოლომდე გასაგები რომ გახდეს, ექსპერტთა გუნდის წევრებთან გასაუბრებას დავაორგანიზებთ. თუ პანდემიის გამო, ეს ფიზიკურ სივრცეში ვერ მოხერხდება, შეხვედრებს ონლაინ დავგეგმავთ.

თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა შარშან სტუდენტებსაც მისცა შესაძლებლობა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტი და ერთობლივი სამუშაო პროცესი ჰქონოდათ. რა განსხვავებაა ამ ორ პროგრამას შორის, რა ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას ისახავენ მიზნად?

დიახ, დაახლოებით მსგავსი პრაქტიკა უკვე გვქონდა. შარშან, შემოდგომაზე თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა კახეთში სტუდენტებისთვის ლიტერატურული კამპუსი მოაწყო. პროექტის განმავლობაში, მწერლების, რედაქტორებისა და გამომცემლებისგან მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, მათ დაწერეს მოთხრობები, რომლებიც, საბოლოოდ, კრებულად გამოიცა. ახალი შემოქმედებითი პროგრამა კი, ნებისმიერი ასაკის დებიუტანტი მწერლისთვისაა ღია და არ შემოიფარგლება რამე ჯგუფით. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, შემოქმედებითი წერის განვითარებას შევუწყოთ ხელი და მწერლობით დაინტერესებულ ადამიანებს, სპეციალისტებისგან ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში დავეხმაროთ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, საკუთარი ნაწარმოებები, 28 თებერვლის ჩათვლით უნდა გააგზავნონ მისამართზე: [email protected] (აუცილებელია თემის მითითება — შემოქმედებითი პროგრამა დებიუტანტი ავტორებისთვის). ტექსტი უნდა იყოს 10-დან 20 გვერდამდე პროზაული ნაწარმოები, აკრეფილი Sylfaen ფორმატში, შრიფტის ზომა — 12, ხოლო სტრიქონებს შორის მანძილი — 1,5 მმ.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ვებგვერდს.