სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ მათ გასულ კვირას იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს და ამ ინფორმაციას "100-პროცენტიან ფაბრიკაციას" უწოდებს. ამის შესახებ ასადმა AFP-თან ინტერვიუში განაცხადა.

ასადის თქმით, ინციდენტის სერიოზულად მიღება არ შეიძლება, რადგან ინფორმაციის წყარო სირიელი აჯანყებულები არიან.

მისივე განცხადებით მთელი ეს ინციდენტი იყო "არადამაჯერებელი" და "სრული სუცრუე".

ასადის თქმით, სირიის ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს ქიმიური იარაღი და რომც ჰქონდეს, არ გამოიყენებდა:

"ჩვენ დავთმეთ ჩვენი არსენალი სამი წლის წინ და ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია ქიმიური იარაღი".

მანვე დაამატა, რომ "მორალურად" სირიის მთავრობა ვერ გამოიყენებდა ასეთი ტიპის იარაღს, რადგან "იგი მიუღებელია".

4 აპრილს, იდლიბის პროვინციაში, ქიმიური იარაღის ზემოქმედების შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. აშშ და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ქიმიური იარაღი ასადის რეჟიმმა გამოიყენა აჯანყებულთა კონტროლირებადი ტერიტორიის დაბომბვისას. აღნიშნულს არ ეთანხმება ასადის მოკავშირე რუსეთი.