გერმანელ-ამერიკელი მილიარდერი და მეწარმე, პიტერ თილი, Meta-ს დირექტორთა საბჭოს ტოვებს. შეგახსენებთ, რომ 16 წელზე მეტი ხნის წინ ის Facebook-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი გახდა და მისი განვითარების ადრეული ეტაპიდან დღემდე, მარკ ცუკერბერგს ედგა გვერდში.

"ყოველთვის ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, ის სხვა ინტერესებს დაუთმობდა დროს", — აცხადებს მარკი. მართლაც, თილი ახლა გეგმავს, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე იმ კანდიდატებს დაეხმაროს გამარჯვებაში, რომლებიც დონალდ ტრამპის შეხედულებებს იზიარებენ.

"პიტერი ჩვენი საბჭოს უძვირფასესი წევრი იყო. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მან კომპანიისთვის გააკეთა — ნდობისთვის, როცა ჩვენი ცოტას თუ სჯეროდა და იმისთვის, რომ უამრავი რამ მასწავლა ბიზნესზე, ეკონომიკასა და სამყაროზე. ის ორიგინალური მოაზროვნეა, რომელთანაც შეგიძლია ურთულესი პრობლემებით მიხვიდე და უნიკალური რჩევები მიიღო", — ამბობს ცუკერბერგი.

თილი Meta-ს 2005 წელს შეუერთდა და სოციალური ქსელის განვითარებაში 500 000 აშშ დოლარი ჩადო. PayPal-ის თანადაფუძნების შემდეგ, მან Palantir Technologies დააარსა. კომპანია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფითა და მონაცემთა ანალიზითაა დაკავებული, ასევე, მრავალ სამთავრობო სააგენტოსთან თანამშრომლობს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პიტერ თილი პოლიტიკური აქტივისტიც გახლავთ, რომელიც დონალდ ტრაპს ღიად უჭერდა მხარს. ამის გამო, ექსპერტები Facebook-ის საქმეებში მისი ჩარევის მართებულობას ხშირად ეჭვქვეშ აყენებდნენ, თუმცა ცუკერბერგი პარტნიორს ყოველთვის ზურგს უმაგრებდა და კოლეგებთან აღნიშნავდა, რომ სხვადასხვა მოსაზრების მქონე ადამიანების უფლებები უნდა დაეცვათ (მას ყველა არ ეთანხმებოდა).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.