Google-ი Android 12-ზე მომუშავე Pixel-ის ტელეფონებისათვის თებერვლის განახლებას უშვებს, რომელმაც, წესით, კამერის, ბლუთუზისა და კლავიატურის შეფერხებები უნდა გამოასწოროს.

კომპანიის უწყებით, მომხმარებელთა ნაწილი განახლებას უკვე დღეს მიიღებს, დანარჩენი კი — მომდევნო კვირის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Google-ის წინა განახლება Pixel 6-ის მფლობელთათვის კრახით დასრულდა.

ასევე იხილეთ: განახლების შემდეგ Pixel 6-ის "ჯადოსნური საშლელის" ფუნქცია მწყობრიდან გამოვიდა

Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ში შემდეგ განახლებებს ვიხილავთ:

  • რამდენიმე კოდეკზე ბლუთუზის აუდიოს ხარისხი გაუმჯობესდება;
  • კლავიატურა შეყვანილ ტექსტს აღარ გადაფარავს;
  • გამოსწორდება ხარვეზი, რომელსაც კამერის გამოყენებისას ტელეფონის ხელმეორედ ჩატვირთვას იწვევდა.

ამასთანავე, კლავიატურა Pixel-ის სხვა ტელეფონებზეც განახლდება: Pixel 3a, Pixel 4, Pixel 4a, Pixel 5, და Pixel 5a.

მართალია, თებერვლის ცვლილება კავშირის პრობლემების მოგვარებას გვპირდება, თუმცა Google-ის განახლებების გვერდს თუ დავუჯერებთ, ეს მხოლოდ Pixel 4-ს, Pixel 4a 5G-სა და Pixel 5-ს ეხება და არა Pixel 6-ს.

თუკი გაინტერესებთ, არის თუ არა იგი თქვენს მობილურში ხელმისაწვდომი, ჯერ Settings, შემდეგ System, ბოლოს კი System Update ველებზე გადასვლა გმართებთ. განახლება 30 მეგაბაიტზე ნაკლები ზომისაა, ამიტომაც, დიდი ალბათობით, მის გადმოწერას ძალიან დიდი დრო არ დასჭირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.