ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქობულეთი მერიაში ჟურნალისტების არშეშვებას ეხმიანება და ამბობს, რომ დაუშვებელია მედიას შეეზღუდოს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც მუნიციპალურ ორგანოებში ვითარდება.

ქარტიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, შენობაში შესვლაზე უარი მუნიციპალიტეტის მერმა მოგვიანებით პანდემიით ახსნა.

"მიზეზი იქ მყოფი ჟურნალისტებისთვის ოფიციალურად არ განუმარტავთ. მედიისთვის არ მიუწოდებიათ არც ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პანდემიის არგუმენტით შენობაში გადაადგილებას არეგულირებს. ასეთი დოკუმენტი არ იძებნება არც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ სამართლებრივ დოკუმენტებს შორის", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 8 თებერვალს ქობულეთის მერიის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტი. როგორც კადრებიდან ჩანს, შენობის შესასვლელში იდგნენ პოლიციელები, რის გამოც ისინი შიგნით შესვლას ვერ ახერხებდნენ.

ენმ-ს საკრებულოს დეპუტატის, ბონდო თედორაძეს თქმით, განცხადება უნდა გაეკეთებინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშზე, რაც მედიას უნდა გაეშუქებინა, თუმცა შენობაში შესვლის საშუალება არც ოპოზიციონერებს მიეცათ.

ქარტია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ.