რესპუბლიკელების ყოფილი ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან რადიო პალიტრის ეთერში ისაუბრა.

თინა ხიდაშელის თქმით, ჯერ ვერ იტყვის, სამუდამოდ მიდის პოლიტიკიდან თუ ხანგრძლივი დროით.

"ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ადამიანი უნდა მიხვდე, ეს მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტური იმპერატივია ყველასთვის და ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია, რომ როდესაც 24 წელი რაღაცას აკეთებ, უფრო სწორად შენ გგონია, რომ აკეთებ და მერე აღმოჩნდება, რომ შენ გეგონა აკეთებდი, მერე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებ ცხოვრებაში.

პრობლემა ის არის, რომ ადამიანები შედიან რაღაც როლში და მერე იმ როლიდან ვერ გამოდიან და მერე ყველასთვის პრობლემა ხდებიან, თავის თავისთვის, ქვეყნისთვის, პოლიტიკისთვის" - ამბობს ხიდაშელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაუჭირდა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება, ხიდაშელი აცხადებს, რომ მისი გრძნობები საზოგადოებისთვის საინტერესო არ ჰგონია.

"მე ძალიან ნათლად დავინახე, რომ ქვეყანაში ვითარება ისეთია და მოვლენები ისე ვითარდება, დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ იმდენად არაჯანსაღია, რომ მე ნამდვილად უნდა გავჩერდე. რაღაც მომენტში უნდა გაჩერდე" - აცხადებს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტია 31 ოქტომბერს დატოვა.