ბრიტანულ დასაქმების კომპანიას, სახელად Yolk Recruitment-ს, 55 თანამშრომელი კანარის კუნძულებზე საკუთარი ხარჯებით დასასვენებლად მიჰყავს, რათა პანდემიის პერიოდში მუშაობის გამო მათ მადლობა გადაუხადოს. კომპანიის თქმით, თანამშრომლების 4-დღიანი შვებულება 140 ათასი დოლარი უჯდებათ.

Yolk Recruitment კარდიფში 14 წლის წინ დაარსდა და მათი განცხადებით, პანდემიის პერიოდი კომპანიისთვის ყველაზე რთული, თუმცა ამავდროულად, ყველაზე მომგებიანიც იყო.

"პანდემიის დროს ჩვენი პერსონალი თავიდან დისტანციურად მუშაობდა, შემდეგ კი ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა. ამ რთული სამუშაო პერიოდის გამო გვინდოდა, რომ მათთვის მადლობა გადაგვეხადა", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ფოტო: Getty Images

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წლის ოქტომბერში 1,17 მილიონი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ეს 400 ათასით მეტია, ვიდრე პანდემიამდე იყო. ბრიტანეთში გასულის წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში 2,2 მილიონმა ადამიანმა ახალი სამსახური დაიწყო.

"ანაზღაურებადი შვებულება თანამშრომლებზე ზრუნვის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა. ჩვენ გვინდა, რომ თითოეულმა თანამშრომელმა საკუთარი შრომისმოყვარეობის გამო დაფასება იგრძნოს", — ამბობს Yolk Recruitment-ის კომერციული განყოფილების მენეჯერი.

თანამშრომლები კანარის კუნძულებზე პირველ აპრილს გაემგზავრებიან და ისინი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.