ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალში კორონავირუსის გავრცელება საკმაოდ მაღალია. გაბუნია თქმით, იმისთვის, რომ მათ სამუშო ადგილზე დაბრუნება დროულად შეძლონ, იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება დაეხმარებათ.

"სამედიცინო პერსონალში გავრცელება არის საკმაოდ აქტიური, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან, პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ მათი დროული დაბრუნებისთვის სამუშაო ადგილზე, შესაძლებელია, დაგვეხმაროს 5 დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება კოვიდპროგრამების ფარგლებში. რაც შეეხება, ზოგადად, გავრცელების კონტროლს, სამედიცინო პერსონალისთვის, ბუნებრივია, კვლავაც მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება და ინფექციისგან დაცვის საშუალების ასევე აქტიური გამოყენება", — გაბუნია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ.

8 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 18 221, ხოლო გარდაიცვალა 54 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით, მათ შორის, 53 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 635 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 33,61%, ბოლო 14 დღის — 28,31%, ბოლო 7 დღის — 31,86%.