ომბუდსმენის განცხადებით, კერძო სკოლა აიბი მთიებში ისტორიის მასწავლებელმა დამსაქმებელს ორსულობის შესახებ შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ითხოვა, რამდენიმე დღეში კი აცნობეს, რომ სკოლაში აღარ გამოცხადებულიყო.

სახალხო დამცველის ცნობით, მიზეზად მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს. სახალხო დამცველის თქმით, სკოლა აცხადებს, რომ მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობები არ შეუწყვიტავთ და უფლებამოსილება მხოლოდ დროებით შეუჩერდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, დადგინდა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა იმ მომენტიდან შეწყდა, როდესაც მასწავლებელმა, მითითებისამებრ, გაკვეთილების ჩატარება შეაჩერა, შრომითი ურთიერთობების დროებით შეჩერების საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მასწავლებელმა სახალხო დამცველს მიმართა.

"ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან", — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი, ასევე, აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართეს.

"სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს აიბი მთიების მიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპების უპირატესი დაცვით", — ვკითხულობთ განცხადებაში.