წიგნის გამოცემის საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, შეგროვებული თანხით ელენე დარიანის კრებულის 1 200 ეგზემპლარი დაიბეჭდება, რაშიც 9 240 ლარი დაიხარჯა. მათი თქმით, წიგნი დღეს, 7 თებერვალს გაუგზავნეს სტამბას.

"ჩვენ სამ სხვადასხვა სტამბას დავუკავშირდით და ყველაზე ნაკლები ფასი ჰქონდა სტამბა დამანს. სწორედ ის დაბეჭდავს წიგნს. თქვენი შემოწირული თანხიდან ამ საქმეს მოხმარდება 9 240 ლარი. დანარჩენ ინფორმაციასაც (როდის დარიგდება, დანარჩენი თანხა როგორ დაიხარჯება) თანდათანობით მოგაწვდით", — წერს საინიციატივო ჯგუფი Facebook-ზე.

21 იანვარს მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ წიგნის დასაბეჭდად, 823-მა შემომწირველმა 31 564,85 ლარი შეაგროვა. წიგნის პირველი ვერსიის დაბეჭდვაში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად და შესწორებული ვერსიის გამოსაცემად 12 560 ლარი იყო საჭირო.

წიგნი თავდაპირველად გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა, თუმცა, მასში შეცდომით აღმოჩნდა ანა კალანდაძის ორი ლექსი. ამის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს სამომავლოდ "სერიოზულად" განიხილავდა მუზეუმის დირექტორთან და კრებულის ერთ-ერთი შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან.

ტირაჟის ამოღების მიუხედავად, წიგნზე სოციალურ ქსელში მაინც დიდი მოთხოვნა გაჩნდა და სწორედ ამაზე საპასუხოდ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდა მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტროს უნდა დაუბრუნოს და ამდენივეა საჭირო ხელახლა დასაბეჭდად.

ამავე თემაზე: